პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენთან ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, ანტიევროპული რიტორიკა

06.02.24 12:59
პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენთან ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, ანტიევროპული რიტორიკა

თქვენთან ასოცირდება გავრილოვის შემოშვება, ანტიევროპული რიტორიკა - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა მომავალ პრემიერ-მინისტრს. 

მივმართავ ახალ თუ მომავალ პრემიერს - თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას? - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი კობახიძეს მიმართა, წარმოადგენს თუ არა გეგმას,  სადაც მკაფიოდ და ვადებში იქნება გაწერილი, როგორ შეცვლიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას; 

სადაც გაწერილი იქნება, როგორ უზრუნველყოფთ კონსენსუსით საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას; 
სადაც ანტიკორუფციულ სამსახურს მისცემთ საგამოძიებო უფლებებს და დამოუკიდებლობას; 
სადაც უზრუნველყოფთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და როგორ დავუახლოვდეთ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.

თუმცა, საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას"- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტის თქმით, ნათელია, რომ ამ პრიორიტეტების შესრულებას ერთპიროვნულად ვერავინ შეძლებს, რამეთუ ის, რაც გასაკეთებელია ყველას პასუხისმგებლობაა  ქვეყნისა და მომავლის წინაშე.

თუმცა, ამავე დროს ცხადია, რომ მთავარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვის ხელშიც ძალაუფლების ყველა ბერკეტია, ესე იგი, მთავრობას, საპარლამენტო უმრავლესობასა და ახლა უკვე, მათ  მმართველს, ბიძინა ივანიშვილს. მათ, კოლექტიურად და პიროვნულად ევალებათ ევროკავშირის 9 რეკომენდაციის მყისიერად განხორციელება. 
მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, წინასწარ ვერ და არ შევაფასებ ახალ  თუ მომავალ პრემიერს, არც იმას, თუ რას ნიშნავს ერთის მოსვლა, მეორეს წასვლა და მესამის წახალისება, მაგრამ ვალდებული ვარ, ამ ტრიბუნიდან გავაჟღერო ის, რაც საზოგადოებას აწუხებს და რაზეც პასუხის მიღება მათი უფლებაა. ასეთი ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ დემოკრატიის მთავარი პრინციპია" - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა. 


 

მსგავსი სიახლეები