ხელისუფლება არ ასრულებს მოვალეობას, უზრუნველჰყოს პანსიონში ბავშვების ეფექტური დაცვა - Amnesty International

29.06.21 10:19
ხელისუფლება არ ასრულებს მოვალეობას, უზრუნველჰყოს  პანსიონში ბავშვების ეფექტური დაცვა - Amnesty International

"ხელისუფლება არ ასრულებს მოვალეობას, უზრუნველჰყოს ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების ეფექტური დაცვა", - ამის შესახებ  საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა განცხადებაში აღნიშნა.  Amnesty International-ი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სწრაფად გამოიძიოს სავარაუდო ძალადობის საქმეები.  

მთავრობამ  უნდა უზრუნველჰყოს ყველა ბავშვის უსაფრთხოება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის სკოლა-პანსიონში სასტიკი მოპყრობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის ბრალდებების ფონზე. ყველა ბრალდება საფუძვლიანად უნდა იყოს გამოკვლეული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ბავშვების საუკეთესო ინტერესების დასაცავად. გამოძიების განმავლობაში ხელისუფლებამ უნდა უზრუნველჰყოს სავარაუდო დამნაშავეების, ან დაზარალებულთა დაუყოვნებლივი განრიდება არსებული გარემოდან", – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

Amnesty International-ი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველჰყოს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება; ასევე უზრუნველჰყოს შესაბამისი დაცვა  ყველა სავარაუდო ძალადობის მსხვერპლის;

გაითვალისწინოს ბავშვების  საუკეთესო ინტერესები  ყველა გადაწყვეტილების მიღებისას. უზრუნველყოს ყველა ბავშვის პირადი ცხოვრების, საოჯახო გარემოს, განათლების, ფსიქოლოგიური და ფიზიკური უფლებების დაცვა; შეასრულოს გაეროს კომიტეტის დროებითი გადაწყვეტილება და უზრუნველყოს, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს ჰქონდეთ წვდომა ნინოწმინდის სკოლა-პანსიონზე;

გამოიძიოს და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს სახალხო დამცველის აპარატის და აღნიშნულ საქმეზე მომუშავე ადგილობრივი უფლებადამცველების მიმართ შევიწროებისა და მუქარის ფაქტებზე;

უზრუნველყოს უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო, რომელშიც შესაძლებელია ადამიანის უფლებების დაცვა დასჯისა და  დაშინების შიშის გარეშე.

მსგავსი სიახლეები