ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს მზეთუნახავი არ მოიყვანონ აქ - გიგი უგულავა პროცესის მთავარ მოწმეზე
გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა და 2 ივლისამდე გადაიდო. მიზეზი კი ის აღმოჩნდა, რომ საქმის მთავარი მოწმე, ბადრი გავაშელიშვილი, პროცესზე არ გამოცხადდა.
მოწმემ ჯერ განაცხადა, რომ დაკრძალვაზე იყო დასავლეთ საქართველოში, შემდეგ როგორც კი პროკურორმა მას დაურეკა, გავაშელიშვილმა განმარტა, რომ კახეთში იმყოფებოდა და ვერ ჩაერთვებოდა დისტანციურადაც კი.
გიგი უგულავა ამბობს, რომ მოწმეს ხელისუფლება მფარველობს.
მალავენ გავაშელიშვილს, ჯერ თქვეს, დასავლეთ საქართველოშია, მერე როცა ჩართეს, აღმოჩნდა აღმოსავლეთ საქართველოში. შეკითხვაზე, როდის ბრუნდება, თქვა რომ ჯერ დასაფლავებაზეა, მერე ცუდად არის. მოკლედ, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს მზეთუნახავი არ მოიყვანონ აქ. როცა გავაშელიშვილისთვის წესი გამონაკლისი ხდება, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება მას მფარველობს. ერთი რამის გამო, რადგან ქურდს ქუდი ეწვის. ეს ადამიანი მისი დაქირავებული ზონდერია და მისი დავალებით მოქმედებს - განაცხადა გიგი უგულავამ.
პროკურორის განმარტებით, მომდევნო პროცესზე უზრუნველჰყოფენ მოწმის გამოცხადებას, ან მის დისტანციურად ჩართვას.
დაზარალებულმა განმარტა მიზეზი, რის გამოც ვერ გამოცხადდა, აღნიშნული სასამართლომაც მიიღო მხედველობაში, პროცესზე გარკვეულწილად ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა და ის გადაიდო. მომდევნო პროცესზე უზრუნველვყოფთ მტკიცებულების გამოკვლევას. ეს შეიძლება იყოს დისტანციური ჩართვა, ან პროცესზე გამოცხადება - აღნიშნა პროკურორმა, ნათია გურულმა.
გიგი უგულავას ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის ცემას ედავებიან.