იქნებ, გონს მოეგონ! - "ოცნება" მიშელის შეთანხმებაზე ,,ენმ"-ს ხელმოწერას ელოდება

29.06.21 15:11
იქნებ, გონს მოეგონ! - "ოცნება" მიშელის შეთანხმებაზე ,,ენმ"-ს ხელმოწერას ელოდება

ამნისტიის კანონპროექტის განხილვა ჭიანურდება. ხელისუფლება ირწმუნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შეთანხმებაზე ხელმოწერას ელის. „ქართული ოცნების“ დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი, ამბობს, რომ ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიას აძლევს შანსს, დემოკრატიის ნაწილი გახდეს. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიას მივცეთ შესაძლებლობა, რომ შეუერთდეს 19 აპრილის შეთანხმებას და  დადგეს დეპოლარიზაციის გზაზე. მნიშვნელოვანია, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდეს დრო, მოიფიქროს, რომ შეუერთდეს ამ შეთანხმებას, მათ შორის, ამნისტიის ჩათვლით, ამიტომ ეს არის მათთვის შანსი, რომ გაიაზრონ კიდევ ერთხელ ამ შეთანხმების მნიშვნელობაზე. ვაძლევთ მათ ამის შანსს, რომ იყვნენ დემოკრატიის ნაწილი და არა გარიყულები დემოკრატიიდან და მარგინალიზირებული პარტია, - აც ხადებს  შალვა პაპუაშვილი.

მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა, არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობა“ შეთანხმების აქტს შეუერთდეს. 

იქნებ, გონს მოეგონ. თავიდან ხომ ამბობდნენ, რომ პარლამენტში არ შევალთ, გაყალბებულიაო - შემოვიდნენ. ველოდებით, უნდა ჩამოყალიბდნენ, არის გონივრული ვადა და როცა ჩამოყალიბდებიან, მერე მზად ვართ, უკვე განვაახლოთ, - აცხადებს ზარქუა.

ამნისტიის კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიღებულია, თუმცა მესამე მოსმენით ცვლილებების განხილვას ხელისუფლება არ ჩქარობს.