ამნისტია თუ ვინმეს სჭირდება, ეს არის გახარია, კობახიძე, ივანიშვილი, ჩუბინიძე - ხაბეიშვილი

29.06.21 15:20
ამნისტია თუ ვინმეს სჭირდება, ეს არის გახარია, კობახიძე, ივანიშვილი, ჩუბინიძე  - ხაბეიშვილი

„ქართული ოცნების“ განმარტებას ამნისტიის კანონპროექტის გაჭიანურებასთან დაკავშირებით ,,ენმ"-ში პასუხობენ. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამნისტია მათთვის პრინციპულად  მიუღებელია და შარლ მიშელის დოკუმენტსაც ხელს არ მოაწერენ. მისი თქმით, ამნისტია იმ მაღალჩინოსნებს და სპეცრაზმელებს სჭირდებათ, ვისაც 20 ივნისის სისხლიან მოვლენებში მიუძღვის წვლილი. 

ჩვენ ხელს არ ვაწერთ დოკუმენტს, იმიტომ, რომ იქ წერია ამნისტია და ამნისტია არ სჭირდება არც „ნაციონალურ მოძრაობას“, არც სამოქალაქო საზოგადოებას. ამნისტია თუ ვინმეს სჭირდება, ეს არის გახარია, კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი, ჩუბინიძე და ის კრიმინალური დაჯგუფება, რომელმაც თვალები დათხარა ახალგაზრდებს რუსთაველზე 20 ივნისს. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ეს ამნისტია არ უნდა მიიღონ, ძალიანაც კარგი. ეს იქნება ჩვენი საზოგადოების გამარჯვება, - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

ამნისტიის კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიღებულია, თუმცა მესამე მოსმენით ცვლილებების განხილვას ხელისუფლება არ ჩქარობს. „ქართული ოცნება“ განმარტავს, რომ მიშელის დოუკემნტზე ,,ენმ"-ს ხელმოწერას ელოდება.