გრძელდება "ლეიბორისტული პარტიის" აკრძალვის პროცესი - ნათელაშვილი
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, უკმაყოფილებას გამოთქვამს და აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს აკრიტიკებს.
ნათელაშვილის მტკიცებით, 2020 წელს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეთანხმდნენ, რომ "ლეიბორისტულ პარტიას" საარჩევნო კომისიის წევრი 3700 კომისიაში ეყოლებოდა. ნათელაშვილის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ეს შეთანხმება დაარღვია.
ამ ფონზე ველოდით, რომ აშშ-ის ელჩი გააკეთებდა საპროტესტო განცხადებას, სამაგიეროდ ჩვენ მოვისმინეთ, რომ თურმე არაფერი ისეთი არ მომხდარა, რაღაც გადახრები იყო, თუმცა აღნიშნული რამ შეთანხმებული არ ყოფილა თურმე. ამის გამო მე იძულებული ვარ, განვაცხადო, 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეთანხმდა საკითხი, რომ ჩვენს პარტიას ეყოლებოდა 3700 კომისიაში საარჩევნო კომისიის წევრები, ამ შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ქვეყნის ყველა პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის ხელისუფლებიდან კობახიძე და თალაკვაძე. ამრიგად, დაირღვა აღებული ვალდებულება, ხოლო მოდერატორებიდან, გარანტორებიდან წამოვიდა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები, რასაც ვფიქრობ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გაასწორებს და მისცემს კორექტირებას",- ამბობს შალვა ნათელაშვილი.