ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება - ხაზარაძე პრაიდის კვირეულზე

29.06.21 21:29
 ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება - ხაზარაძე პრაიდის კვირეულზე

 "ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება",  - ეს განცხადება "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" გააკეთა.

"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, პრაიდის კვირეულის ჩატარებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას ორმაგი სტანდარტების გამო აკრიტიკებს. ხაზარაძე მმართველი გუნდის პოზიციას "კეკლუცობას" უწოდებს და ფიქრობს, რომ პრაიდის კვირეულზე უსაფრთხოების დაცვა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

თუ ხედავ, რომ ამას რისკი მოყვება და შენ ვერ იცავ, მაშინ შენ ხარ პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რომელიც შეიძლება, მივიღოთ და შეიძლება, დამაზიანებელი იყოს. საპატრიარქო ხედავს რისკს, რომ ეს შეიძლება, დამთავრდეს ცუდად ჩვენი სტაბილურობისთვის, სიმშვიდისთვის.

საპატრიარქო ხედავს პრობლემას, კალაძე ამბობს, რომ მე მივეცი ნებართვა, მაგრამ ნუ ჩაატარებთ. ეს ორმაგი სტანდარტი ხომ უნდა დამთავრდეს. 

ჩემი პოზიცია არის, რომ ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება, მორჩა და გათავდა. დაცულია კონსტიტუციით, თუ რაიმე ქმედებას მოაქვს სახლმწიფოსთვის ზიანი, თუ პოლიტიკოსი ხარ, უნდა იმოქმედო ადეკვატურად, ადეკვატური მოქმედებაა, რომ ერთი ხელით არ უნდა გასცე ნებართვა და მეორეთი არ უნდა უთხრა, ნუ ჩაატარებო", - ამბობს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა, კახი კალაძემ, დღეს თქვა, რომ პრაიდის კვირეულის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. მსგავსი განცხადება ტვ პირველის ეთერში მანამდე ირაკლი კობახიძემ გააკეთა. 

ცნობისთვის,  1-5 ივლისს თბილისში პრაიდის კვირეული გაიმართება. პრაიდის კვირეული "ღირსების მარშით" 5 ივლისს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები