ექსკლუზივი: დამალული განკარგულებები - ღარიბაშვილმა ივანიშვილს ჯარიმები ჩამოაწერა
"ნოდარ მელაძის შაბათის" დიდი ჟურნალისტური გამოძიება - მოპოვებულია ღარიბაშვილის დამალული განკარგულებები - როგორ აპატია ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილს დიდი ფული, რომელიც საქართველოს ბიუჯეტში უნდა გადაეხადა?!
- რა გადაწყვეტილების იღებდა ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ?
"შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ 2021 წლის10 აგვისტოს, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობის 1398-ე განკარგულებას, რითაც ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ბლექ სი რივიერას" სახელმწიფოსთვის გადასახდელი ჯარიმები სრულად ჩამოაწერა. ივანიშვილის ამ კომპანიას, სახელმწიფოსგან შეძენილ განმუხურის სანაპიროზე, ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო და ბოტანიკური ბაღი ჯერ 2018 წელს უნდა აეშენებინა, მაგრამ ეს დაპირება ტყუილი აღმოჩნდა. მაშინ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს პროექტის დასრულების თარიღი გადაუვადეს. სასტუმრო ვერც 2021 წელს დაასრულეს, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ივანიშვილს კანონის თანახმად ჯარიმა უნდა გადახედა, თუმცა ქონების მართვის სააგენტოსა და ივანიშვილის კომპანია "ბლექ სი რივეირას" შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ოლიგარქის კომპანიას ჯარიმები გაუნულეს. გადაწყვეტილება - მთავრობამ მიიღო.
ღარიბაშვილის მიერ ივანიშვილისთვის ვალების ჩამოწერის გამო, ახლა დიდ შარში ირაკლი კობახიძეა. 2021 წლის ირაკლი ღარიბაშვილის დადგენილების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სასტუმროს მშენებლობა მილიარდერმა განმუხურში, 2024 წლის 25 აპრილს უნდა დაასრულოს, ანუ ორ თვეში ამ შენობაში 120 ნომრიანი სასტუმრო უკვე აშენებული, გარემონტებული, ავეჯით მოწყობილი და სტუმრების მისაღებად მზადყოფნაში უნდა იყოს. ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს საცურაო აუზები, ეზო, ღობე, გამწვანება, განათება და 35 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომიც, რისი თეორიული ალბათობაც კი არ არსებობს. ადგილზე გვიყვებიან, რომ აქ დიდი ხანია მუშა თვალით არავის უნახავს.
ღარიბაშვილმა ივანიშვილს სახელმწიფოსთვის გადასახდელი ვალები ჩამოაწერა და დოკუმენტი დამალა, თუმცა თუ 25 აპრილამდე აქ სასტუმრო არ იქნება, ჩამოქვეითებული პრემიერის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ქარწყლდება.
"შაბათის ეთერმა" სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ჰკითხა, რა ოდენობის თანხა ეპატია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის კომპანიას, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
- მწვანე კონცხი
ადგილზე "შაბათის ეთერი" კიდევ ერთი, დამალული დოკუმენტის აღმოჩენის შემდეგ ჩავიდა. "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა დაადგინა, რომ ივანიშვილის კიდევ ერთ კომპანიას, ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, ამჯერად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ჯარიმები ჩამოაწერა და ვალდებულებების შესრულების ვადაც გადაუწია. როგორც კი "შაბათის ეთერმა" ივანიშვილის კიდევ ერთი მიტოვებული პროექტის გადაღება დაიწყო, "ტვ პირველის" კუთვნილი დრონი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჩამოაგდეს.
- რომ არ ესროლათ და ჩამოეგდოთ, ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის კუთვნილ ტერიტორიაზე, დრონს მიტოვებული ბეტონის კარკასი და სრულად გავერანებული უზარმაზარი ფართობი უნდა გადაეღო, თუმცა 3 წლის წინ ჩვენს მიერ გადაღებულ მასალასა და დღევანდელ მდგომარეობას შორის სხვაობა მაინც არ არის. მეტიც, 2021 წლის მდგომარეობა ბევრად უფრო სახარბიელოა.
პოლიციამ ივანიშვილის კუთვნილი კომპანიის ტერიტორიაზე შესვლაც კი ვერ გაბედა, "შაბათის ეთერის" არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, "შაბათის" გუნდს დაზიანებული დრონიც კი არ დაუბრუნეს, რადგან მეხსიერების ბარათზე სავარაუდოდ, სროლის ფაქტიც იქნებოდა დაფიქსირებული. გაუფრთხილებლად ცეცხლის გახსნა კი სისხლის სამართლის დანაშაულია, ამიტომ ეს ივანიშვილის ობიექტის მცველების ინტერესებში არ შედიოდა.
- მწვანე კონცხზე ახლა 123 მილიონიანი პროექტი უნდა იდგეს, თუმცა არ დგას და არც არავინ აშენებს. ეს მშენებლობაც მიტოვებულია.
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ, 2022 წლის 17 ივნისს, ბიძინა ივანიშვილის კომპანიასთან ახალი შეთანხმება გააფორმა და დაკისრებული და დასაკისრებელი ჯარიმებიც კი გააუქმა. სანაცვლოდ ივანიშვილმა ვალდებულება აიღო, რომ მშენებლობას ახალ ვადებში მაინც დაასრულებდა, თუმცა ეს ვადაც ისე იწურება, რომ ტერიტორიაზე ერთი მუშაც კი არ ჩანს.
მხოლოდ დაპირებად და ლამაზ მაკეტად დარჩა სოლოლაკის ქედზე არსებული მშენებლობაც, არადა, იქ "ავტოგრაფ ქოლექშენის" ბრენდის 5 ვარსკვლავიანი, 190 ნომრიანი სასტუმრო და მასშტაბური საკონვენციო ცენტრი, მთელი დატვირთვით უნდა მუშაობდეს. დაპირებული 115 მილიონიანი ინვესტიცია, მწვანე კონცხის მსგავსად, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, სოლოლაკის ქედზეც გაიყინა.
თანაინვესტირების ფონდის ბოლო დაპირების მიხედვით, 3000 ახალი სეგმენტის ტურისტი, სოლოლაკის ქედზე, 2023 წლიდან, უკვე უნდა ასულიყო, თუმცა მაყაშვილის აღმართზე არა თუ ტურისტები, მუშებიც კი არ ჩანან.
ვანიკო ხვედელიძე თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა, თუმცა ეს მისი ერთადერთი რეგალია არ არის. ხვედელიძე, ბიძინა ივანიშვილის ცოლის უახლოესი ნათესავი და ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარია.
საკუთარი დისშვილის, კახა კობიაშვილის შემდეგ, მრავალმილიონიანი აქტივების მფლობელ ფონდში, დირექტორის მოადგილედ, ეკატერინე ხვედელიძის ბიძაშვილის შვილი დანიშნა. წესდებაში ვკითხულობთ, რომ ვანიკო ხვედელიძე ერთპიროვნული მოადგილე იქნება.
- რაც შეეხება წყნეთის სამკერვალო ფაბრიკას აქ დემონტაჟი 4-5 დღეა დაიწყო
პოლიტიკაში მესამედ მობრუნებამდე 1 თვით ადრე, ბიძინა ივანიშვილმა წყნეთის ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის ნგრევის ნებართვა მიიღო. ჩამოშლილი პარტიის კიდევ ერთხელ ასაშენებლად შემობრუნებულ ოლიგარქს, 1 ჰექტრამდე ტერიტორიის მიწასთან გასწორების ნებართვა, კალაძის უწყებამ, 2023 წლის 20 დეკემბერს მისცა.
ყოფილი სამკერვალო ფაბრიკა ახლა შპს "რეა ქართუს საკუთრებაა", რომლის ბენეფიციარებსაც ბიძინა ივანიშვილამდე მივყავართ. რას გეგმავს ნგრევის შემდეგ, მხოლოდ მან იცის.
ივანიშვილმა აღებული ვალდებულება არ შეასრულა მე-20 საუკუნის ქარვასლის შენობასთან დაკავშირებითაც, რომელიც ქალაქის ტურისტულ ცენტრში, უკვე წლებია მთავარ საფრთხობელად იქცა, ივანიშვილის საკუთრებაა, თუმცა არა ერთხელ მოპოვებული მშენებლობა - რეაბილიტაციის ნებართვის მიუხედავად, აქაურობაც მიგდებულია.
შენობის აღდგენის ვალდებულება ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2014 წელს აიღო. ივანიშვილს ძეგლის სტატუსის მქონე ამ შენობის სრული რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა დაესრულებინა, შემდეგ 2020 წელს შემდეგ 2022-ში. კახა კალაძემ, მისი პარტიის დამფუძნებელს, რეკონსტრუქცია რეაბილიტაციის ვადა 2024 მარტამდე გადაუვადა, თუმცა ისევ არაფერია გაკეთებული.
ოლიგარქს ჟურნალისტთა სახლის უნდა აღედგინა, მაგრამ დაანგრია, ახალი შენობა კი სხვების მსგავსად ჯერ არ დაუსრულებია. რესტორან ბერიკონის ნაცვლად აშენებული სასტუმროც მხოლოდ გარედან მოაპირკეთეს და ისიც მიატოვეს, გაუხსნელი სასტუმროს ფასადი უკვე დაზიანებულია.