"გამაოგნებელი ფაქტი" - "ოცნება" ომბუდსმენის განცხადებას აფასებს

30.06.21 15:20
"გამაოგნებელი ფაქტი" - "ოცნება" ომბუდსმენის განცხადებას აფასებს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, ამბობს, რომ ომბუდსმენის უარი მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობაზე მის პროფესიულ საქმიანობაზე უარყოფითად აისახება. ოხანაშვილი ამ ფაქტს გამაოგნებელს უწოდებს. 

თუ პროცესში ჩართულობაზე ვინმე უარს ამბობს, ეს არის ძალიან სამწუხარო განცხადება და ყველა ასეთი განმცხადებელი პირის  პროფესიულ საქმიანობაზე, რა თქმა უნდა, აისახება ნეგატიურად და მე ვწუხვარ... ქალბატონი ნინო ვალდებულია, ჩაერთოს პროცესში. მაშინ, როდესაც არ სახელდება არც ერთი ობიექტური გარემოება და პირი, ომბუდსმენი უფლების დაცვის რეალიზებაზე უარს ამბობს, ეს არის ალბათ... ომბუდსმენები სხვა ქვეყნის ეს რომ გაიგონ, ალბათ ეს იქნება გამაოგნებელი ფაქტი, - ამბობს ოხანაშვილი.

ომბუდსმენის მხრიდან მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს ვიცე სპიკერი,  გია ვოლსკი. მისი განმარტებით, სახალხო დამცველის უარი მხარეებს შორის შემდგომ დაპირისპირებებს გააღრმავებს. 

რეფორმა, რომელიც ჩატარდა ნებისმიერი მიმართულებით, არის სრულ შესაბამისობაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. სწორედაც ჩართულობაზე უარის თქმა განაპირობებს შემდგომ დაპირისპირებებს, შემდგომ პოლიტიკურ პლატფორმებს შორის ანტაგონიზმის გაღრმავებას. სახალხო დამცველი უნდა იყოს მომრიგებელი და ობიექტური დასკვნების გამკეთებელი. ვერანაირ დასკვნებს ის ვერ გააკეთებს, თუ თავად არ მოუსმინა მოსამართლეობის კანდიდატებს, - განაცხადა ვოლსკიმ.

ომბუდსმენმა პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ სახალხო დამხველის აპარატმა გაავრცელა.