აშშ და ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორებად, იცვლება თუ არა ქვეყნის პრიორიტეტები საგარეო მიმართულებით - რას ამბობს პრემიერი
იცვლება თუ არა ქვეყნის პრიორიტეტები საგარეო მიმართულებით და ემუქრება თუ არა საფრთხე ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას - პრემიერი ირაკლი კობახიძე აშშ-ის ურთიერთობის სურვილის ნაკლებობაში ადანაშაულებს.
პრემიერის თქმით, ბოლო 7 წელში არცერთ პრეზიდენტს და არც პრემიერს აშშ-ის უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან მილოცვა არ მიუღია. კობახიძის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრამავების სურვილთან დაკავშირებით დღეს ამერიკის ელჩთან შეხვედრაზეც ისაუბრა.
რაც შეეხება ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას, პრემიერი კობახიძე ამბობს, რომ ჩინეთიდან უფრო მეტად გრძნობს სტრატეგიული პარტნიორობის სურვილს.
პრიორიტეტები არის არა მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული, ურთიერთობა არის ორმხრივი საქმე, შესაბამისად, პრიორიტეტებიც განისაზღვრება ორმხრივად. რაც შეეხება ჩინეთის დამოკიდებულებას, ჩვენ ვხედავთ დიდ ინტერესს ამ ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, რაც კონკრეტულ ნაბიჯებშიც არის გამოხატული - ეკონომიკურ პროექტებში აქტიურად არიან ჩართული ჩინური კომპანიები... ასევე იცით, რომ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. გვაქვს პირდაპირი ფრენები,. ნახეთ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩასული ჩინეთში, მას უმაღლეს დონეზე დახვედრა. ყველა კუთხით ჩანს ჩინეთის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ და იმის მიმართ, რომ მათ სურთ ამ სტრატეგიული პარტნიორობის მაქსიმალური განვითარება და გაღრმავება.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქ წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე, გარკვეული გამოვლინება იმისა, რომ შესუსტებული იყო თითქოს ინტერესი სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, რაც სამწუხარო განვითარება იყო. კონკრეტულ დეტალებშიც იყო ეს გამოხატული, მაგალითისთვის რომ ავიღოთ, უმაღლესი დონის ვიზიტები არ შემდგარა ქვეყნებს შორის, 6-7 წელი იქნება, ეს გამოიხატება მათ შორის პროტოკოლურ საკითხებში, მილოცვები რომ ავიღოთ, უმაღლეს დონეზე, არცერთ პრემიერს თუ პრეზიდენტს არ მიუღია მილოცვა, არის შედარებით საშუალო დონე, რა დონეზეც იგზავნება მილოცვები. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხითაც არ გვაქვს მაინც და მაინც, კარგი ვითარება, არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, არ გვაქვს უვიზო მიმოსვლა, ეს ყველაფერი საჭიროებს გაუმჯობესებას - მქონდა შეხვედრა აშშ-ის ელჩთან, მქონდა გულწრფელი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, გამოიხატა სურვილი, რომ უმჯობესია, უფრო ინტენსიური იყოს სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენ შორის,“ - თქვა კობახიძემ.