კალაძე, ივანიშვილი, ოლიგარქის ძმა და ცოლის ძმა თამაზი - ვინ აგვარებს მერიაში პრობლემური მშენებლობების ნებართვებს?

24.02.24 21:08
კალაძე, ივანიშვილი, ოლიგარქის ძმა და ცოლის ძმა თამაზი - ვინ აგვარებს მერიაში პრობლემური მშენებლობების ნებართვებს?

"შაბათის ეთერის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება - როგორ უჩნდება, პრობლემურ პროექტში, კახი კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსს ასობით ათასი ლარის ღირებულების უძრავი ქონება მას შემდეგ, რაც მერია ამ სამშენებლო კომპანიებთან დათმობებზე მიდის?! 

"შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა, რომ თბილისის ცენტრსა და გარეუბნებში მშენებარე კორპუსებში, რომელთათვისაც მერია მანამდე ნებართვას არ გასცემდა, კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსის, ავთანდილ თევზაძისა და ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის თანაკლასელის ოჯახის ჩარევის შემდეგ, პრობლემა გვარდება. კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსის სახელზე კი ბინები ფორმდება.

  • "შაბათის ეთერის" წყაროს ცნობით, საბურთალოს ცენტრში, ცინცაძის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ნებართვის მოპოვება კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა ავთანდილ თევზაძემ დაალაგა ისე რომ 2018 წელს უარყოფილი პროექტის ნაცვლად, მოცულობაში გაზრდილი შენობა-ნაგებობა დაამტკიცებინა. სანაცვლოდ კი საქმის მოგვარებაში ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსმა, ბინები მიიღო. 

საჯარო რეესტრის ამონაწერში ცხადად იკითხება, რომ იმ კორპუსში, რომელმაც ნებართვების საკითხი, უცნაურად მოკლე დროში, უხილავი ხელის საშუალებით მოაგვარა, თევზაძის სახელზე 3 ბინა ნამდვილად გაფორმდა. სამივე უძრავი ქონება მის სახელზე 2021 წელს მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ  ფორმდება: 133, 95 და 69 კვ.მ. ბინები საბურთალოს ცენტრში, ცენტრალ ტაუერის კომპლექსში, კალაძის შტაბის უფროსის სახელზე, ერთ დღეს, 22 ნოემბერს დარეგისტრირდა. 

 კახი კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსის მეუღლე, მარინა კიკაბიძე ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის კლასელია, მისი მეუღლე კი, კახა კალაძის მამის მეგობარი და ამასთან, ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსი. 

თევზაძე "ქართული ოცნების" გამარჯვებებს ყველა არჩევნების შემდეგ, მშობლიურ სამტრედიაში, შამპანიურით აღნიშნავს. მანამდე კი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მიხეილ სააკაშვილის მეგობართა შტაბის ლიდერი იყო და კახი კალაძის მსგავსად, 7 ნოემბრის აქციების დარბევის გამო პოსტიდან წასული სააკაშვილის ხელახლა არჩევას უჭერდა მხარს. 

"შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა, რომ ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსს, ბინები ისეთი კორპუსებში უჩნდება, რომელსაც მშენებლობის უფლებას არ აძლევდნენ და მერიასთან საქმის დალაგება სჭირდებოდა ან ისეთში, რომელიც დარღვევით ააშენეს და მერიის მხრიდან ამ შენობების ექსპლუატაციაში მიღება იყო საჭირო. 

  • გლდანში, მესამე მიკრორაიონში,  კორპუსის მშენებელ კომპანია ,,ჯიბისის’’ მერიასთან, არა ერთი პრობლემა ჰქონდა. დარღვევებით მიმდინარე პროცესის გამო, მუნიციპალურმა ინსპექციამ ობიექტი ჯერ 2020 წელს,  მეორედ კი 2021 წელს, 15 -15 ათასი ლარით დააჯარიმა. 

დაჯარიმების მიზეზი ბევრი იყო, მათ შორის:  მონოლითური ტიხრების ნაცვლად მოწყობილი ბლოკის კედელი, კედლების შეცვლილი  სისქეები, აივნების შეცვლილი გაბარიტები, გაუქმებული პანდუსები შშმ პირებისთვის და კიდევ ბევრი სხვა კანონდარღვევა, რაც რეალურად 132-ე პრიმა მუხლის თანახმად, არა 15, არამედ 20 ათასით უნდა დაჯარიმებულიყო. 

თუმცა, ერთდროულად დარღვეული 7 მუხლის გამო დაკისრებულმა ჯარიმებმა, კომპანია ,,ჯიბისი,’’ არ გაათავისუფლა, პროექტში შეტანილი თვითნებური ცვლილებების გამოსწორების ვალდებულებისგან. ამიტომ როგორც ჩანს გამოსწორებას, მშენებლებმა მერიასთან საქმის დალაგება ამჯობინეს. 

თარიღების დამთხვევით იწყობა ფაზლი:

  • დაჯარიმებიდან 2 თვეც არ იყო გასული, როცა კალაძის უწყებამ, დაჯარიმებული კომპანიის, ხელახლა, დასაკორექტირებლად შეტანილი პროექტი, რატომღაც უპრობლემოდ დაამტკიცა. თუმცა კორექტირება არა ჯარიმაში დასახელებული დარღვევების გამოსწორებას, არამედ, უკვე დარღვევებით აშენებული კორპუსის დაკანონებას ითხოვდა. თბილისის მერიას უარი არც ამაზე უთქვამს - ის, რაც 17 აგვისტოს კანონდარღვევად მიაჩნდა, 13 ოქტომბერს დაამტკიცა. თევზაძემ ამ კორპუსში ორი ბინა მიიღო, 82 და 50 კვადრატული მეტრი ფართის. 

ანონიმური წყარო გვიყვება, რომ ქართული ოცნების შტაბის უფროსის ხელით, მერიაში არა მხოლოდ სამშენებლო ნებართვების მოპოვება ან დარღვევით აშენებულის დაკანონება ხდება, არამედ კოეფიციენტების ზრდაც, ანუ იმაზე უფრო დიდი კორპუსების აშენების უფლების მოპოვება, ვიდრე დედაქალაქის გენერალური გეგმა ითვალისწინებს. 

  • კახა კალაძის შტაბის უფროსის სახელზე, საირმის გორაზე, ბურძგლას 46 ნომერში გაფორმებული კიდევ ერთი ბინაც ეჭვებს იწვევს. ამ კორპუსის მშენებელ კომპანიასაც, პრობლემები 2020 წელს შეექმნა. 2021 წლის 1 ნოემბერს, 73 კვ.მ. ბინა, ავთანდილ თევზაძის სახელზე ზუსტად იმ დროს ფორმდება, როდესაც შპს ათორის გარშემო სკანდალია აგორებული და კომპანიას შუამავალი მერიაში ჰაერივით სჭირდება. 

საირმის გორა, საბურთალოს ცენტრი და გლდანი არ არის სრული ჩამონათვალი იმ ბინების სიაში, სადაც კალაძის შტაბის უფროსის სახელზე, ბინები გაფორმდა. როგორც თითქმის ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაშიც, თევზაძე მიღებული ბინების რეალიზაციას მალევე იწყებს. 2019 წლის 9 იანვარს, დიდ დიღომში მიღებული 2 ბინა, ჯამში 200 კვადრატული მეტრი, ავთანდილ თევზაძემ მალევე ფულად აქცია. 

რის სანაცვლოდ შეიძლებოდა მიეღო, კალაძის შტაბის უფროსს უძრავი ქონება ბონუსად, ფარნავაზ მეფის 35-ში?!

  • მერიაში დაცულ, ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით ვარკვევთ, რომ მას შემდეგ რაც თევზაძის სახელზე 2019 წელს, კომპანია რესტარტის ბინები ფორმდება, 2020 და 22 წლებში, საცხოვრებელი ფართობი ამ პროექტში 12871 კვადრატიდან, 14469 კვადრატამდე გაიზარდა. 
  • ავთანდილ თევზაძე მხოლოდ კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არ არის. მისი ფინანსური შესაძლებლობების ზრდასთან ერთად, გაიზარდა თევზაძის ბიზნეს მადაც. ბიზნესის რეესტრში ვხედავთ, რომ კარლო კალაძის მეგობრის პარტნიორები საქმეში, რიგითი ბიზნესმენები არ არიან და მათ პირდაპირი კავშირი აქვთ ამ ქვეყნის რეალურ მმართველებთან. 
  • დავიწყოთ ზურაბ ყურაშვილით. მასთან ერთად წილებს, თევზაძე ,,არქიგრამი დადიანი 2’’-ში ინაწილებს. ყურაშვილი თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ძმასთან დაახლოებული პირია და  ალექსანდრე ივანიშვილთან ერთად ფლობდა შპს  ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგს.’’ 

ავთანდილ თევზაძის მეორე პარტნიორი თამაზ ხარაიძე კი არც მეტი, არც ნაკლები, ალექსანდრე ივანიშვილის ცოლისძმაა.

 

მსგავსი სიახლეები