რუს აქტივისტებს საქართველოში ხელახლა შესვლაზე უარს სულ უფრო ხშირად ეუბნებიან - კუროპტევი
რუს აქტივისტებს საქართველოში ხელახლა შესვლაზე უარი ეთქვათ. ამის შესახებ ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ეგორ კუროპტევმა განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები, როცა რუს აქტივისტებს საქართველოში აღარ უშვებენ, გახშირდა. კუროპტევი ამ გარემოებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებაზე პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.
„სამხრეთ კავკასიაში ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ სახელით მინდა გამოვთქვა სერიოზული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოში მცხოვრებ რუს პოლიტიკურ აქტივისტებსა და უფლებადამცველებს ქვეყანაში ხელახლა შესვლაზე უარს სულ უფრო ხშირად ეუბნებიან. კერძოდ, მხოლოდ გასულ კვირას უარი ორ ადამიანს ეთქვა. ორივე შემთხვევაში, უკანა რეისის მოლოდინში, საქართველოს აეროპორტებში პოლიციამ აქტივისტებს კომუნიკაციის საშუალებები არ მისცა, - აღნიშნა მან.
ფონდის „თავისუფალი რუსეთის“ ცნობით, ამ ფაქტებმა შეიძლება „პირდაპირი საფრთხე შეუქმნას იმ რუსებს, რომლებიც იძულებულნი არიან, დატოვონ რუსეთის ტერიტორია პოლიტიკური დევნის გამო.
„ორივე აქტივისტი, რომლებსაც გასულ კვირას უარი უთხრეს, პირდაპირ კავშირში იყო საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ხელმოწერების შეგროვების კამპანიასთან, რომელსაც მხარი დაუჭირა მთელმა რუსულმა ოპოზიციამ მიმდინარე წლის იანვარში,- თქვა კუროპტევმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ასეთი ქმედებები „შეიძლება ჩაითვალოს არა მხოლოდ იმ ადამიანების უფლებების დარღვევად, რომლებსაც პოლიტიკური მიზეზების გამო ჩამოერთვათ შესაძლებლობა დაბრუნებულიყვნენ ქვეყანაში, რომელიც მათი ერთადერთი სახლია, არამედ ასევე, პოლიტიკურ ზეწოლად ნებისმიერ ხალხზე და ჯგუფზე, რომლებიც არ იზიარებენ კრემლის აგრესიულ პოლიტიკას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში რუსი ოპოზიციონერი ბორის ნადეჟდინის მხარდასაჭერად 5 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს, მაგრამ რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ მიუტანოსს იმის შიშით, რომ ხელმოწერები შეიძლება ბათილად გამოცხადდეს. ამავე დროს, ნადეჟდინს რეგისტრაციაზე მაინც უარი უთხრეს.
საქართველოს ხელისუფლება პერიოდულად უკრძალავს ქვეყანაში შესვლას რუს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და უფლებადამცველებს, ასევე რუსებს, რომლებიც მხარს უჭერენ კრემლის პოლიტიკას და რუსეთის შეჭრას უკრაინაში.