"1991 Productions": ჩვენი კინოწარმოება არასდროს დაუფინანსებია მამუკა ხაზარაძეს, ან მის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას

26.02.24 22:37
"1991 Productions": ჩვენი კინოწარმოება არასდროს დაუფინანსებია მამუკა ხაზარაძეს, ან მის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას

კომპანია "1991 Productions" საგანგებო განცხადებას ავრცელებს - ორგანიზაცია სიცრუეს უწოდებს მედიის გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ლევან აკინის ახალი ფილმის, "გზაჯვარედინზე" ირგვლივ გავრცელდა.

"1991 Productions" კინოწარმოება არასდროს დაუფინანსებია მამუკა ხაზარაძეს, ან მის მიერ დაფუძნებულ რომელიმე ორგანიზაციას", - წერს კომპანია სოციალურ ქსელში.

გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კინოფესტივალი "ბერლინალეს" პროგრამა "პანორამა" სწორედ ფილმმა "გზაჯვარედინზე" გახსნა, რომელიც 5 სხვადასხვა ქვეყნის საპროდიუსერო კომპანიის კოპროდუქციას წარმოადგენს.

TVPIRVELI.GE სრულ განცხადებას გთავაზობთ:

შვედ, ფრანგ, დანიელ და თურქ პარტნიორებთან ერთად, ფილმის წარმოებაზე იმუშავა, ნინო ჩიჩუასა და ანა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა საპროდიუსერო კომპანიამ  - 1991 Productions.  

პარტნიორმა კომპანიებმა საფრანგეთიდან, შვედეთიდან, დანიიდან, თურქეთიდან და საქართველოდან ფილმის კოპროდუქციაში ჩადეს საკუთარ ქვეყნებში მოძიებული ფინანსური რესურსი. კომპანიის დროის და რესურსის შენატანს მიღმა, ქართულმა კომპანიამ -  1991 Productions-მა ლევან აკინის ფილმის წარმოებაში ფულადი წვლილის შეტანა შეძლო სახელმწიფო სააგენტოს “აწარმოე საქართველოს” პროგრამის “გადაიღე საქართველოში” დაფინანსებით.

საქართველოს რამდენიმე მედიაში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია კომპანია 1991 Productions-ის და ფილმის ,,გზაჯვარედინზე” დაფინანსების წყაროსთან დაკავშირებით. კომპანია 1991 Productions-ის კინოწარმოება არასდროს დაუფინანსებია მამუკა ხაზარაძეს, ან მის მიერ დაფუძნებულ რომელიმე ორგანიზაციას. 

თავს ვალდებულად ვგრძნობთ ჩამოვთვალოთ პარტნიორები რომელთა ფინანსური კონტრიბუციითაც შეიქმნა ეს ფილმი: 

ევროსაბჭოს კულტურის ფონდი ევრიმაჟი,

შვედეთის კინოინსტიტუტი,

შვედეთის ტელევიზია SVT,

Nordisk კინო და ტელევიზიის ფონდი,

RMV Film,

დანიის კინოინსტიტუტი,

DR დანიის მაუწყებელი,

ფრანგული კინოფონდი Aide aux cinémas du monde,

აწარმოე საქართველოში - პროგრამა "გადაიღე საქართველოში”.

1991 Productions 2017 წელს დაფუძნებული საპროდიუსერო კომპანიაა, რომელიც ევროპული კოპროდუქციის საშუალებით, ავითარებს და აფინანსებს ნიჭიერი რეჟისორების მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს.

1991 Productions-ის უახლესი ფილმებია: 

დოკუმენტური ფილმი - “ღიმილიანი საქართველო”, რეჟისორი  - ლუკა ბერაძე. მსოფლიო პრემიერა 2023 წლის კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

დოკუმენტური ფილმი - “დიდება დედოფალს”, რეჟისორები - თათია სხირტლაძე და ანა ხაზარაძე,  (კოპროდუქცია: ავსტრია, სერბეთი). ფილმი იხილეს 25-ზე მეტ ფესტივალზე მსოფლიო მასშტაბით. 2021 წელს, საქართველოში დაიმსახურა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო -  ოქროს პრომეთე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები