საეჭვო პრეპარატები ონკოპაციენტებს - ვინ ჭრიდა დიდ ფულს, ვისთან მივა გამოძიება?

09.03.24 20:31
საეჭვო პრეპარატები ონკოპაციენტებს - ვინ ჭრიდა დიდ ფულს, ვისთან მივა გამოძიება?

გადაყენებულმა ჯანდაცვის მინისტრმა ონკოპაციენტები პანიკაში ჩააგდო - ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბ აზარაშვილმა პოსტიდან წასვლის შემდეგ თავი ფარმაცევტული კომპანიების შეთქმულების მსხვერპლად გამოაცხადა და იქვე დაწერა, რომ ებრძოდა მათ შორის 60 ონკოლოგის გარიგებას, რომლებიც პაციენტებს  საეჭვო წარმომავლობის არარეგისტრირებულ წამლებს უნიშნავდნენ. ექსმინისტრმა იქვე მიანიშნა, რომ ექიმები ამ წამალს არაკეთილსინდისიერად ნიშნავდნენ. 

"შაბათის ეთერს" მეტი განმარტების მიღება სურდა, თუმცა ზურაბ აზარაშვილი დუმს.  "შაბათის ეთერმა" კი დაადგინა, რომ პროკურატურაში გამოძიება  კომპანია "ვილბი ფარმას" მიერ ბანგლადეშიდან შემოტანილ კიბოს საწინააღმდეგო  პრეპარატებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

ბანგლადეშიდან ჩამოტანილი წამლები სადგურის მოედანზე აფთიაქ "ედელვაისში" იყიდებოდა. საუბარია, აფთიაქზე, საიდანაც თვეების განმავლობაში,  ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით ანუ სამინისტროდან გადაგზავნილი საგარანტიო წერილებით  ონკოპაციენტებისთვის განკუთვნილი მედიკამენტები იყიდებოდა. 

წამლის სააგენტოს ინსპექტორებმა აფთიაქ "ედელვაისში" შენახული  წამლები 2023 წლის ხუთ დეკემბერს დალუქეს. მანამდე ბანგლადეშიდან ჩამოტანილი პრეპარატები  საქართველოში დაახლოებით უპრობლემოდ, ერთი წელი იყიდებოდა. ონკოპაციენტებს ბანგლადეში წარმოებული მედიკამენტების  შეძენას ჯანდაცვის სამინისტრო უფინანსებდა. ჩნდება კითხვა, ეს წამლები  თუ საეჭვო იყო, რატომ გამოყოფდა ფულს მათ შესაძენად საქართველოს მთავრობა?

"შაბათის ეთერმა" მოიპოვა  დოკუმენტი, სადაც წერია, რომ 2023 წლის მაისში სამინისტრომ კომპანია "ვილბი ფარმას", ბანგლადეშში წარმოებული წამლების რეგისტრაციაზე უარი უთხრა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ დაწუნებული  წამლებს  სამინისტრო   ონკოპაციენტების მაინც უფინანსებდა. სადგურის მოედანზე მდებარე აფთიაქში ადასტურებენ, რომ ამ წამლების შესაძენად სამინისტრო ფინანსურ გარანტიებს დეკემბრამდე გასცემდა. 

"შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ მინიმუმ 600 პაციენტს სამინისტრომ ბანგლადეშში წარმოებული პრეპარატების შეძენა დაუფინანსა. ფული აფთიაქ "ედელვაისს" ჩაურიცხეს.  ირკვევა, რომ სახელწიფო უწყებას კიდევ ერთ მილიონი ლარის დავალიანება აქვს. 

აფთიაქი ყიდდა, თუმცა წამალი მას არ შემოჰქონდა. "ედელვაისში" ამბობენ, რომ შემომტანი კომპანია "ვილბი ფარმა" კომპანიის წილის მფლობელი და დირექტორი თინათინ კაჭარავაა. პროკურატურა ახლა სწორედ მის საქმიანობას სწავლობს. 

თინათინ კაჭარავამ "შაბათის ეთერს" კითხვებს არ უპასუხა, თუმცა მას პროკურატურის კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. შოთაძის უწყებაში გვიდასტურებენ, რომ გამოძიება დაჩქარებული წესით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს. 

საეჭვო პრეპარატები ონკოპაციენტებს - ნატა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები