დელეგაციის თავმჯდომარე ვალდებული იყო, გაეცნო რეზოლუციის მნიშვნელობა დეპუტატებისთვის - დეკანოიძე ბოჭორიშვილზე
"ქართულმა ოცნების" სრული ფიასკო ევრონესტზე - ხელისუფლების ოპონენტების თქმით, რეზოლუციის ჩავარდნის მიზეზი, დელეგაციის ხელმძღვანელია, რომელმაც საჭირო ხმები ვერ მოაბილიზა.
ოპოზიციაში ვერ იხსენებენ შემთხვევას, როდესაც საქართველოს დელეგაციამ 10 დეპუტატის ხმის შეგროვება ვერ შეძლო. მეტიც, ხელისუფლების მოწინააღმდეგეები დარწმუნებულები არიან, რომ რეზოლუციის დაბლოკვა "ოცნების" ანტიევროპულმა რიტორიკამ განაპირობა.
"ევროოპტიმისტების" ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, დელეგაციის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ვალდებული იყო, ინიციატივის მნიშვნელობა დეპუტატებისთვის გაეცნო და კომუნიკაცია ოპოზიციასთანაც დაემყარებინა.
მე არ მაქვს ინფორმაცია, თუ რა მოხდა ბიუროში. მე ვიცი, რომ ბიუროს წევრი არის დელეგაციის ხელმძღვანელი და ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ დელეგაციის ხელმძღვანელის ვალდებულებაა გააცნოს ყველა დეპუტატს, მათ შორის, დელეგაციის წევრს ის მნიშვნელოვანი პროექტი რეზოლუციის, რომელიც ხშირად ხდება ხოლმე და ევროსაბჭოში ჩვენ მსგავსი გამოცდილება გვქონდა", - ამბობს დეკანოიძე.