ღარიბაშვილის არაბული არდადეგები - საიდან ამდენი ფული? (ფოტო/ვიდეო)

ღარიბაშვილის არაბული არდადეგები - მოპოვებულია ფოტო და ვიდეო ტკიცებულება, რომელიც გადაყენებულ პრემიერს დუბაიში დასვებებისას გადაუღეს. ირაკლი ღარიბაშვილი სპარსეთის ყურის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ერთ ერთი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო "ჯუმეირა ბიჩ ჰოტელში" დააფიქსირეს.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი დუბაის მზიან და ქვიშიან სანაპიროზე, დასასვენებლად, ცოლთან, შვილებთან და სავარაუდოდ სიდედრთან ერთად გაემგზავრა.
ამ სასტუმროში, საოჯახო ტიპის ნომერში, მინიმუმ 6 კაცის განთავსება ერთი ღამით, 11 ათასი ლარიც კი ღირს, მაგრამ თუ ოჯახის ექვსივე წევრი არა საოჯახო ნომერს არამედ ინდივიდუალური ტიპის ნომრებს აიღებდა, ამ შემთხვევაში, ერთი ღამე, ღარიბაშვილს და მის ოჯახს, სავარაუდოდ 20 ათას ლარზე მეტი დაუჯდებოდა.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებულ ფოტოებში, რომელიც დუბაის სასტუმრო "ჯუმეირა ბიჩ ჰოტელშია" გადაღებული, ირაკლი ღარიბაშვილთან და ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, სავარაუდოდ ნინო სუთიძეც ჩანს - ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის მეუღლე. ნამორაძე კრწანისი "ვილა რეზიდენსის", ვაკის ცათამბჯენისა და ივანიშვილის სასტუმროს მიმდებარედ მშენებარე ხუთ ვარსკვლავიანი კომპლექსის მფლობელია.
ნინო სუთიძე დუბაიში ყოფნის ფაქტს არ უარყოფს, მხოლოდ იმას უსვამს ხაზს, რომ ღარიბაშვილებთან ერთად, ერთ სასტუმროში არ უცხოვრია.
იყო თუ არა ის ექს პრემიერის ოჯახი მასპინძელი და ხომ არ გადაიხადა მისმა ბიზნესმენმა ქმარმა ექს პრემიერის დასვენების ხარჯები?
ნინო სუთიძე "შაბათის ეთერის" კითხვებს არ პასუხობს. ბიზნესმენების მიერ ოცნების ლიდერების სამოგზაუროდ დაპატიჟება, დამკვიდრებული პრაქტიკაა. ასე აღმოჩნდნენ სამი წლის წინ პარლამენტარები კომოს ტბაზე, ბიზნესმენი გიორგი ბარვენაშვილის წვეულებზე.
რაც შეეხება ნინო სუთიძეს, ნამორაძის ცოლი, დუბაიში ყოფნას არ უარყოფს. მისი და ნუნუკა თამაზაშვილის მეგობრობის ამბავი კი საყოველთაოდაა ცნობილი. არც ის არის საიდუმლო, რომ სუთიძის ბიზნესმენი ქმარი, ირაკლი ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვიდანაა და ხელისუფლების მხარდაჭერით, ქვეყანაში, არაერთ მეგაპროექტს ახორციელებს.
რას ამბობს კანონი?
სამოგზაურო ხარჯების ვინმეს მიერ დაფარვა ეს საჩუქარია, მაღალი თანამდებოის პირს კი ასეთი საჩუქრის მიღების უფლება არ აქვს. თუ საჯარო მოსამსახურე ან მისი ოჯახის წევრი საჩუქრის მიღების შემდეგ დაადგენს, რომ ამ საჩუქრის ღირებულება აღემატება ამ კანონით დასაშვებ ოდენობას, იგი ვალდებულია 3 სამუშაო დღის ვადაში ამ კანონით აკრძალული საჩუქარი გადასცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.
საიდან აქვს ირაკლი ღარიბაშვილს იმდენი ფული რომ დაახლოებით 100 ათასი ერთ დასვენებაში დახარჯოს?! - ხელფასი და მისი დეკლარირებული შემოსავლები, პრემიერს ამის საშუალებას არ აძლევს
- ბოლო დეკლარაციის მიხედვით, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის ოქტომბერში შეავსო, მისი წლიური ხელფასი 41 ათას ლარს შეადგენდა. ამავე დეკლარაციის თანახმად, ექსპრემიერმა და მისმა უმუშევარმა მეუღლემ, მხოლოდ კერძო სკოლებში, შვილების განათლებაში 59 ათასი ლარი გადაიხადეს.
- ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ნუნუ თამაზაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ბანკიდან გამოტანილი სესხის დასაფარად 26518 ლარი და 50 თეთრი გადაიხადა. ღარიბაშვილებმა, სამშენებლო მასალებში 5182 ლარი, მოგზაურობაში კი 8868 დოლარი დახარჯეს. ეს ჯამში დაახლოებით 114 ათასი ლარია, პრემიერის ხელფასი კი სულ 41 ათასი ლარი იყო. ანუ მთავრობის მეთაურმა 73 200 იმაზე ლარით მეტი დახარჯა, ვიდრე მიიღო.
- მაშინ მაშველ რგოლად მამა გამოიყენა და დეკლარაციაში ჩაწერა რომ 180 ათასი ლარი პენსიონერმა ტარიელ ღარიბაშვილმა აჩუქა.