როდის ჰქონდა ბოლო კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან - რას ამბობს შალვა თადუმაძე
შალვა თადუმაძე "პირველებთან" ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ბოლო კომუნიკაცია 6-7-8 წლის წინ ჰქონდა.
მისი თქმით, თუ "ოცნების" დამფუძნებელი ვეტინგის სისტემას ეწინააღმდეგება და იზიარებს მოსამართლეების განცხადებას, ის ამას მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება.
ბიძინა ივანიშვილთან არც კი მახსოვს ბოლოს როდის მქონდა კომუნიკაცია, იმიტომ, რომ ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე ბოლო 6-7, შეიძლება 8 წელი არ მქონდა კომუნიკაცია პოლიტიკურად აქტიურ პირებთან. მე ჩემს აზრს ვაფიქსირებ ყოველთვის და თუ ვინმეს აზრს ემთხვევა, მითუმეტეს თუ ბიძინა ივანიშვილის აზრს ემთხვევა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მიხარია", - განაცხადა შალვა თადუმაძემ. "პირველებთან".
სასამართლო სისტემასა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას შორის ახალმა სკანდალმა იფეთქა - ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე დარწმუნებულია, რომ სასამართლო კლანის ბოსები საგარეო საქმეთა სამინისტროს უმოქმედობის გამო დაასანქცირეს.
შალვა თადუმაძის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებების ჩანაწერი "ნეტგაზეთმა" გაავრცელა. შალვა თადუმაძე პირდაპირ ახსენებს ფრაზებს საქართველოს ხელისუფლებაში არსებული კორუმპირებული პირების შესახებ და სხვა მოსამართლეებს ეკითხება, თუ რატომ არ დაასანქცირეს ისინი.
შალვა თადუმაძემ სკანდალური ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ პირველი კომენტარი "პირველებთან" გააკეთა.