"რატომ არის ეს კანონი რუსული" - საინფორმაციო კამპანიამ პაპუაშვილი გააღიზიანა

05.04.24 13:10
"რატომ არის ეს კანონი რუსული" - საინფორმაციო კამპანიამ პაპუაშვილი გააღიზიანა

"რატომ არის ეს კანონი რუსული" - ამ სახელწოდებით დაწყებულმა საინფორმაციო კამპანიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გააღიზიანა. ბანერზე, რომელზეც პაპუაშვილმა საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება, 4 პუნქტად არის ჩამოწერილი რუსული კანონის მავნებლობა.

პარლამენტში ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა ამობეჭდილი ბანერი მიიტანა და ამტკიცებდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებენ.

შალვა პაპუაშვილმა კვლავ იერიში მიიტანა მესამე სექტორზე, რუსული კანონის ხელახალი ინიცირება კვლავ მათ დააბრალა და დონორ ორგანიზაციებს და დიპლომატიურ უწყებებს მიმართა, რომ გააკონტროლონ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დახარჯული თანხები.

გარდა ამისა, რუსულ კანონთან დაკავშირებით პარტნიორების კრიტიკას პაპუაშვილმა კრიტიკით უპასუხა და აღნიშნა, რომ "აქ სიტყვა არ ეთქმით უცხოელ აქტორებს, აქ სიტყვა ეთქმით ქართველ ხალხს".

სახელწმიფო არის ვალდებული, რომ ეს გამჭვირვალობა უზრუნველყოს მოქალაქეებისთვის. რაც შეეხება უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას, ეს გახლავთ სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხი, ამიტომ მხოლოდ ქართველი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება არის კომპეტენტური გადაწყვიტოს ერს უსაფრთხოების საკითხები, როგორ უნდა იყოს მოგვარებული. აქ სიტყვა არ ეთქმით უცხოელ აქტორებს, აქ სიტყვა ეთქმით ქართველ ხალხს, მხოლოდ ქართველმა ხალხმა იცის, რა არის კარგი მისი უსაფრთხოებისთვის, მითუმეტეს როდესაც უცხოელი აქტორები თავად არიან დაინტერესებული მხარე ამ საკითხში, ვინაიდან საქმე ეხება ამერიკულ და ევროპულ ფონდებს, რომლებიც მალავენ თავის დაფინანსებას.
ალბათ, ნახავდით, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და ენჯეოებმა წამოიწყეს კამპანია კვლავ შარშანდელივით, რუსულ კანონად რომ დაბრენდონ ეს კანონი და ნახავდით სოცქსელებში ბანერებს, რომელიც ვრცელდებოდა, რომელიც გახლავთ პირდაპირ დეზინფორმაცია და ტყუილი და რომელიც ფინანსდება ამ მომენტში უცხოური ფულით, ეს კამპანია წარმოებს უცხოური დაფინანსებით.
ამიტომ მე მივმართავ ყველა საელჩოს და ყველა დონორს, მიაქციონ ყურადღება ამ საკითხს, ვინაიდან შარშან ტყუილი ამ ენჯეობმა იმისთვის, რომ დაემალათ თავისი ფინანსები იკადრეს, ამ ტყუილის გამეორება დღეს ხდება უცხოური დაფინანსებით,“ - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები