ჯანელიძე: შემდეგი ნაბიჯი კონსტიტუციიდან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ამოღებაა
"შემდეგი ნაბიჯი საქართველოს კონსტიტუციიდან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მუხლის ამოღება უნდა იყოს" - ასე ეხმაურება რუსული კანონის ხელმეორედ დაინიცირებას "ქართული ოცნების" მთავრობის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეხმაურება.
ჯანელიძე სოციალურ ქსელში "ოცნების" გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მმართველი ძალის ნაბიჯს იწონებს, რუსეთია.
ერთის მხრივ, ევროკავშირ, ნატო, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აშშ აცხადებენ, რომ ქართული ოცნება ამ ნაბიჯით საფრთხეს უქმნის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას,
და
მეორეს მხრივ, რუსეთი იცავს ქართული ოცნების ამ ნაბიჯს და აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა ებრძვის უცხო აგენტებს და ეს საერთაშორისო პრაქტიკაა.
შემდეგი ნაბიჯი საქართველოს კონსტიტუციიდან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მუხლის ამოღება უნდა იყოს, ეს კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს სუვერენიტეტს. არ გვჭირდება ჩვენ მათი ფული და რჩევები. რუსეთი ხომ ჩვენს გვერდითაა, დიდი და კეთილი მეზობელი, ბრწყინვალე სახელმწიფო მოწყობის სისტემით, ეკონომიკური შესაძლებლობებითა თუ სამხედრო ძალით, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტიაა," - წერს ჯანელიძე.