დააკვირდეს ევროკომისია, შეესაბამება თუ არა "ოცნების" ნაბიჯი EU-ის სტატუსს - ევროპარლამენტარების განცხადება
"დააკვირდეს ევროკომისია, შეესაბამება თუ არა "ოცნების" ნაბიჯი EU-ის სტატუსს" - ამ განცხადებით ეხმაურებიან ევროპარლამენტარები "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს.
ერთობლივ კრიტიკულ განცხადებაში ევროდეპუტატები შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა შეტანასთან დაკავშირებით.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები ქვეყანას, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი და დროულად უზრუნველყოს საკუთარი შეფასების გამოქვეყნება.
ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და დროულად უზრუნველყოს საკუთარი შეფასების გამოქვეყნება. ჩვენ გვესმის და მხარს ვუჭერთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეგრესული პროცესის შემთხვევაში, ევროკომისიას შესაძლოა მოუწიოს გაფართოების პროცესის საწყის პოზიციებზე დაბრუნება", - წერენ ევროპარლამენტარები.
ერთობლივ განცხადებაში ევროპელი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ოცნების მიერ ინიცირებული რუსული კანონი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციებიდან მინიმუმ 2 პუნქტს არღვევს - პირველ და მეცხრე პუნქტებს:
- პირველი პუნქტი ეხება ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და [უცხოურ] ჩარევასთან ბრძოლას
- მეცხრე პუნქტი ეხება სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვას, მათი ჩართულობის უზრუნველყოფას კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფას.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, არ მოახდინოს კანონის ხელახლა ინიცირება და ნაცვლად ამისა, განახორციელონ ინვესტიცია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიურ ურთიერთობაში.
ევროკავშირი წელიწადში საშუალოდ 100 მილიონ ევროზე მეტ ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უწევს საქართველოს. ჩვენი დახმარება მიმართულია საქართველოს დასახმარებლად ძირითადი პროევროპული რეფორმების განხორციელებაში, მათ შორის ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ბიზნესის მხარდაჭერაზე, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე, ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ხარისხიანი საჯარო მომსახურებების უზრუნველყოფაზე. კანონი უცხოური აგენტების ან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ასახელებს, როგორც უცხოეთის აგენტებს და სახელმწიფოს მტრებს, თუ ისინი მიიღებენ ევროკავშირისგან დაფინანსებას ისე, როგორც საქართველოს მთავრობა იღებს მსგავსი საქმიანობისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს 22 ევროპარლამენტარი აწერს, მათ შორის: პეტრას აუსტრევიჩუსი, მირიამ ლექსმანი, სვენ მიქსერი, ვიოლა ფონ კრამონი, ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენე, მაიკლ გალერი.