ვეტინგი არ არის ის რეცეპტი, რომელიც სისტემაში არსებულ ყველა პრობლემას მოაგვარებს - იოსელიანი
"ვეტინგი არ არის რეცეპტი, რომელიც ჩვენ სასამართლო სისტემას ერთბაშად გამოიყვანს და მოაგვარებს ყველა პრობლემას," - ამის შესახებ განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმა "პოლიტიკური ამბების" ეთერში გააკეთა.
ლევან იოსელიანი პირდაპირ ამბობს, რომ გარკვეულ ქვეყნებში ეგრეთ წოდებულმა ვეტინგმა "უარესი შედეგიც კი გამოიღო", ამიტომ საჭიროა, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ პოლიტიკური ნება გამოხატონ და იმსჯელონ იმ მიდგომაზე, რომელიც სასამართლო სისტემას ცალსახად გააუმჯობესებს.
ვეტინგი არ არის რეცეპტი, რომელიც ჩვენს სასამართლო სისტემას ერთბაშად გამოიყვანს და მოაგვარებს ყველა პრობლემას. ამას ადასტურებს იმ ქვეყნებში ჩატარებული ვეტინგები, რომელთა გამოცდილებაც გარკვეულწილად შევისწავლე. ამაზე შეხვედრა არასამთავრობო სექტორთანაც მქონდა და მათი აზრიც არის გარკვეულ წილად, რომ ამის ასე კალკირება არ შეიძლება, რადგან ქვეყანას აქვს თავისი სპეციფიკა, გამოწვევები და ეს ყველაფერი საქართველოს რეალობაზე მორგებული უნდა იყოს. ჩვენ გვახასიათებს რაღაცის ატაცება და ნაკლებად გვიყვარს შინაარსში შესვლა. შეიძლება, დღეს ვეტინგი პოპულარული სიტყვაა, მაგრამ ეს რა შედეგებს გამოიწვევს. თუ არის იმის ალბათობა, რომ უარესს შედეგებამდე მივიდეთ, მაშინ უფრო უნდა დავფიქრდეთ. ალბანეთის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, იქ უარესი შედეგი გამოიწვია. მე ასევე ვნახე ანგარიშები უკრაინასთან დაკავშირებით და ვერ ვიტყვი, რომ უკრაინაში უკეთესი შედეგი მოიტანა ვეტინგმა, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს", - ამბობს იოსელიანი.
მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება ევროკომიის რეკომენდაციებში მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო - საქართველოს ხელისუფლებას მოსამართლეების ნაწილის კეთილსინდისიერების შემოწმება დაევალა.
კეთილსინდისიერების შემოწმება სასამართლო სისტემაში მხოლოდ მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეებს შეეხებათ:
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები;
- სასამართლოს თავმჯდომარეები.
"სასამართლოს გუშაგი" ხსნის, თუ ვის შეეხება ე.წ ვეტინგი. ორგანიზაციის შეფასებით, ასეთი სულ 60 მოსამართლეა.
5 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 გავლენიანი მოსამართლის ქონების შემოწმების პროცესი დაბლოკა.