"ოცნება" ფეისბუკზე ჩამოშლილ პროპაგანდასაც კი არასამთავრობოებს და ოპოზიციას აბრალებს
"ქართული ოცნება" ფეისბუკზე ჩამოშლილ პროპაგანდასაც კი არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციას აბრალებს. მას შემდეგ, რაც ფეისბუკზე პოსტები ერთი მეორის მიყოლებით დაებლოკათ, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ კომპანია "მეტა" შეცდომაში სხვებმა შეიყვანეს და უმრავლესობის ლიდერმა ლამის ისიც კი თქვა, რომ მარკ ცუკერბერგის კომპანიას ფული "ოცნების" მაღალჩინოსნების პოსტების გაშავებისთვის გადაუხადეს.
დაიბლოკა ბანერი, "ქარდი", რომელიც იყო საპასუხო იმ ცრუ კამპანიისა, რომელსაც აწარმოებს "ნაცმოძრაობა" და "ენჯეო" სექტორის რადიკალური ნაწილი, რომელმაც შარშან საუკუნის აფერა დადგა. წელს აღარ გასდით და სასოწარკვეთილებაში არიან. რამდენიმე ათასის ერთად დაბლოკვა იცით რას ნიშნავს? იმდენად ეშინიათ სიმართლის, უბრალოდ არგუმენტებს კი არ იშველიებენ, რამდენიმე ასეული ადამიანი "არეპორტებს" სიმართლეს. სერგი კაპანაძის ორგანიზაცია არის ერთ-ერთი მთავარი კონტრაქტორი საქართველოდან "ფეისბუქის". მათ გააჩნიათ ასეთი ურთიერთობა, რომ ბლოკავენ ასე გადაუმოწმებლად, თუ გადამოწმებით არ ვიცი. გლობალური ომის პარტიას რომ ვახსენებთ ხოლმე, ირონიული ღიმილი გვეგებება რამდენიმე ადამიანის მხრიდან. ამ დროს, ერთ დღეში ათასი ბანერის დაბლოკვა, რომელზეც სიმართლე იყო გატანილი და არგუმენტების არწარმოდგენა ნიშნავს იმას, რომ "ნაცმოძრაობის" მეთოდები ისევ ძალაშია. ქვეყნის შიგნით აღმოიფხვრა, ახლა ქვეყნის გარედან დარჩა. იბრძვიან შავი ფულისთვის. მათ კამპანიას სახელად ჰქვია - ბრძოლა შავი ფულისთვის", - ამბობს მდინარაძე.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" გავრცელებული ინფორმაცია, რუსულ კანონთან დაკავშირებით, "ფეისბუქის" მფლობელმა კომპანია "მეტამ" ყალბ ინფორმაციად მონიშნა - "ქართული ოცნების" ლიდერების და დეპუტატების მიერ გაზიარებულ საინფორმაციო ბარათებს ახლა აქვთ წარწერა, რომ ეს არის ყალბი ინფორმაცია.
კამპანია, რომ თითქოს, რუსული კანონის მიღების მიზანი მხოლოდ გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, "ქართულმა ოცნებამ" სოციალურ ქსელში ბოლო ორი დღეა დაიწყო.
ამ შინაარსის საინფორმაციო ბარათის გაზიარებას დეპუტატ დიმიტრი სამხარაძის გვერდიდან სთხოვდნენ საჯარო მოხელეებსაც, თუმცა ახლა ასობით გვერდზე გაზიარებული ეს ყალბი ინფორმაცია რუსული კანონის შესახებ დაჰაიდებულია.