ნათელაშვილი საერთაშორისო ტრიბუნალს ივანიშვილის გასამართლებას სთხოვს

06.04.24 16:05
ნათელაშვილი საერთაშორისო ტრიბუნალს ივანიშვილის გასამართლებას სთხოვს

"ლეიბორისტული პარტია" სტრატეგიულ პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილის დაპატიმრებას და სრულად დასანქცირებას სთხოვს.

შალვა ნათელაშვილი ივანიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასა და მისი გასამართლების მოთხოვნით ჰააგაში საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მოითხოვს.

პირველი ლეიბორისტი აცხადებს, რომ რუსული კანონის უკან შემობრუნებით ივანიშვილს სურს საქართველო რუსული იმპერიის გავლენის სფეროში დააბრუნოს.

ცნობილი რუსული კანონის ხელმეორედ შემოტრიალებამ განხილვის პროცესში, კიდევ ერთხელ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ოლიგარქს გადაწყვეტილი აქვს, ამოაგდოს საქართველო განვითარების ცივილიზაციური გზიდან და დააბრუნოს ის მოდერნიზებული რუსული იმპერიის გავლენის სფეროში. რა თქმა უნდა, ქართველმა ხალხმა ყველაფერი გააკეთა და ყველაფერს აკეთებს ამ საფრთხის გასანეიტრალებლად, მაგრამ დროა, ჩვენი მეგობარი და მოკავშირე დასავლეთი სიტყვიდან გადავიდეს საქმეზე და დაწყებული სანქცირების პროცესი რუსი ოლიგარქისა დააგვირგვინოს მისი სრული ფინანსურ-ქონებრივი ბლოკირებით მსოფლიოს ყველა საფინანსო ორგანიზაციასა და იურიდიულ რეესტრში.

საჭიროა, დამთავრდეს მისი ქონების ჩამორთმევის პროცესი, წაერთვას ტრანზაქციების და ფულადი სახსრების გამოყენება კრემლის ინტერესებისათვის, აღიძრას საქმე ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში უნივერსალური იურისდიქციის ნორმათა მიხედვით და გაიცეს დაპატიმრების სანქცია ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც მხილებულია კაცობრიობის საწინააღმდეგო დანაშაულთა ჩადენაში, როდესაც ანგოლაში რუსული იარაღის შეტანით მილიონამდე ადამიანი შეიწირა და შემდგომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს შესყიდვით რუსული ინტერესებისათვის და ამ წუთში პუტინთან მოკავშირეობით უკრაინის წინააღმდეგ სისხლიან ომში. ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ გაიცეს საერთაშორისო დაპატიმრების სანქციები ამ პიროვნებაზე ყველა დემოკრატიული ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოებისგან და ასევე შეიქმნას საერთაშორისო ტრიბუნალი, რათა ოლიგარქი მიეცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში", - ამბობს ნათელაშვილი.

მსგავსი სიახლეები