ივანიშვილების ხსნა ბრაზილიაში - ბერას საიდუმლო მისია
ბერა ივანიშვილის საიდუმლო გეგმა ბრაზილიაში?! - რეპერის ბიზნესების ყოფილი მმართველი, ახლო ნათესავი და ახლო მეგობარი ვანო ხვედელიძე "შაბათის ეთერთან"ამტკიცებს, რომ ბრიტანული ტაბლოიდის ვრცელი სტატიისთვის, სადაც ბერას ბრაზილიაში საცხოვრებლად გადასვლის საიდუმლო მოტივებზეა საუბარი, ოლიგარქის ვაჟს ყურადღება არ მოუქცევია.
Daily Mail-მა, რომლის ტირაჟიც 700 ათას აჭარბებს, ვებ გვერდზე კი ყოველთვიურად 24 მილიონი ადამიანი კითხულობს, ორშაბათს დაწერა, რომ ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში მამამ საიდუმლო მისიით გააგზავნა.
გამოცემის თანახმად, ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში საცხოვრებლად იმ მიზნით გადავიდა, რომ თუ მამის ქონებას დასავლური სანქციები დაემუქრება, ქონების ბრაზილიაში გადატანისთვის შესაბამისი პირობები შექმნას.
რა თქმა უნდა ვანო ხვედელიძე, რომელიც ბერა ივანიშვილის დედის ეკატერინე ხვედელიძის ახლოა ნათესავია საიდუმლო გეგმის ნამდვილობას კამერების წინ არ ადასტურებს, თუმცა ყურადღებას ერთი დეტალი იქცევს. ხვედელიძე "შაბათის ეთერს" ეუბნაბა, რომ ბერასთვის ბრაზილიაში ყოფნა გაუსაძლისია.
ჩნდება კითხვა, თუ ბრაზილიაში ბერასთვის ცხოვრება გაუსაძლისია მაშინ რა აიძულებს მას იქ ყოფნას?
იმ შემთხვევისთვის, თუ ბიძინა ივანიშვილს ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერა ძვირად დაუჯდება და იძულებული გახდება საქართველო დატოვოს თავშესაფარი ბრაზილია იქნება - წერს დეილი მეილი.
საქართველოდან ბერა სამი წლის წინ წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა, თქვა რომ კორეაში მუსიკალური კარიერისთვის მიდიოდა, მაგრამ საბოლოოდ ბრაზილიაში აღმოჩნდა - ქვეყანაში, რომელიც სანქცირებული რუსი ოლიგარქების სავანედ იქცა.