დანიგანის შემდეგ ფიშერი - რუსული კანონით გამოწვეული პროტესტის ფონზე, ღარიბაშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა
ამერიკის ელჩის შემდეგ, გერმანიის ელჩი - "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი რუსული კანონის ხელახალი დაინიცირებით გამოწვეული პროტესტის ფონზე, საქართველოს საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.
ამჯერად ღარიბაშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პიტერ ფიშერს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნება" ავრცელებს.
ოფიციალურ განცხადებაში საუბარი არ არის იმის შესახებ, რომ შეხვედრის დროს მსჯელობა იყო რუსულ კანონთან დაკავშირებით.
პარტიის პრესსამსახურის მტკიცებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პიტერ ფიშერს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მრავალ სფეროში წარმატებული თანამშრომლობის საკითხებზე. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა სხვადასხვა სფეროში კიდევ უფრო მტკიცდება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გერმანიის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხში ძლიერი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოს მეგობარი სახელმწიფო და საიმედო პარტნიორია.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და რეგიონში მიმდინარე პროცესებს", - ნათქვამია განცხადებაში.
პროტესტის გაზაფხული საქართველოში - რუსული კანონის პარლამენტში ხელახალი შემობრუნებამ ქართველი ამომრჩეველი იმდენად გააბრაზა, რომ 9 აპრილიდან 35 წლის თავზე ხალხი რუსეთის წინააღმდეგ კვლავ ქუჩაში გამოიყვანა.
სტუდენტები, პოლიტიკოსები, ექიმები, მეცნიერები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. "ქართული ოცნების" მიერ საფრთხის წინაშე დაყენებულმა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა მთელი საზოგადოება გააერთიანა. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება. "წინ ევროპულ ოჯახში" - ეს არის ქუჩაში გამოსული ხალხის ერთადერთი მოთხოვნა.