იერიში TV პირველის წინააღმდეგ - ალექსანდრე ჭიკაიძე ტელევიზიისგან 100 000 ლარს ითხოვს
ახალი იერიში მედიაზე - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი "ტვ პირველის" უჩივის. საეჭვო ვითარებაში გამდიდრებული ღარიბაშვილის კახური კლანის საძმოს წევრად დასახლებული ალექსანდრე ჭიკაიძეს ტელევიზიისგან 100 000 ლარს ითხოვს.
საქმე ეხება ალექსანდრე ჭიკაიძის და თაღლითური ე.წ. ქოლ ცენტრების შესაძლო კავშირებს. თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, როდესაც პროკურატურამ ათამდე პირი დააკავა, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ამ თაღლითობის უკან სავარაუდოდ, ჭიკაიძე იდგა, კითხვებზე პასუხების ნაცვლად, მაშინ ჭიკაიძე ჟურნალისტებს დაემალა, არც საჯარო განცხადება გაუკეთებია და არც ინფორმაციის უარყოფა მოუთხოვია.
არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის კრიტიკული ჟურნალისტების დაშინებს მცდელობა.
"ტვ პირველზე" ათზე მეტ საინფორმაციო გამოშვებაში იყო საუბარი და სადაო გახადეს ერთი საინფორმაციო გამოშვების ერთი კონკრეტული ჩართვა პოლიციის სამმართველოდან. თუ მისი განზრახვა არ იყო "ტვ პირველის" წინააღმდეგ კოლოსალური თანხით, 100 ათასიანი ჯარიმით მედიის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან არხს შეექმნას პრობლემები და ჟურნალისტები დააშინოს, რატომ არ მიმართა გონივრულ ვადაში მყისიერად ტელევიზიას და რატომ არ მოსთხოვა, რომ ინფორმაცია, რომელიც კვირას გავიდა თქვენთან ეთერში მე არ ვეთანხმები, ან მე, მოქალაქე ალექსანდრე ჭიკაიძე საპირწონე განცხადებას ვავრცელებ და თქვენს ტელევიზიის ეთერში განათავსეთ ჩემი საპირისპირო პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით"- ამბობს მელაძე.
მედიამენეჯერისთვის მოსარჩელეთა განზრახვა გაშიფრულია - "მე ბასმანის სასამართლოს პროცესები გამიშუქებია, როდესაც ტელეკომპანია "დოჟდის" ჟურნალისტებს ასამართლებენ. ზუსტად მათი პროტოტიპები არიან ახლა, რომლებიც ჩემს პირდაპირ სხედან" - თქვა ჟურნალისტმა სასამართლო პროცესზე.
აღსანიშნავია, რომ სასამართლომ დღეს კრიტიკულ მედიას უარი უთხრა პროკურატურის საქმის მასალების გადაცემაზე, საიდანაც შეიძლებოდა იმის გარკვევა, ფიგურირებს თუ არა ყოფილი მაღალჩინოსანი სატელეფონო საუბრების ჩანაწერებში.
საქმე მოიცავს, მათ შორის, ოპერატიულ ინფორმაციასაც, დაკავებული ფიგურანტების სატელეფონო საუბრის ოპერატიული ცნობებს და შემთხვევით იქ ბატონი ალექსანდრე ჭიკაიძე ხომ არ არის ამ სატელეფონო საუბრებში სპეცოპერაციამდე და სპეცოპერაციის შემდეგ ვისთანაც კომუნიცირებდნენ?! ", - ამბობს ნოდარ მელაძე.
შემდეგი სასამართლო პროცესი 8 მაისს, 16:00 საათზეა ჩანიშნული, ახლა მთავარი კითხვაა, გამოცხადდება თუ არა ექს მინისტრი პროცესზე და გასცემს თუ არა ჭიკაიძე იმ კითხვებზე პასუხს, რომელიც მის წინააღმდეგ არსებობს.