გამჭვირვალობის მოტივით არასამთავრობოების სტიგმატიზაცია არ უნდა მოხდეს - ჰერჩინსკი "ოცნებას" აფრთხილებს

11.04.24 12:00
გამჭვირვალობის მოტივით არასამთავრობოების სტიგმატიზაცია არ უნდა მოხდეს - ჰერჩინსკი "ოცნებას" აფრთხილებს

რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ ქვეყანას 9 ნაბიჯი დაუსახა შესასრულებლად - ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მსჯელობენ.

შეხვედრაზე პრეზენტაცია საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა, რომელმაც ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.

ჰერჩინსკიმ ყურადღება გაამახვილა რუსულ კანონზე და "ქართული ოცნების" ლიდერების პროპაგანდას უპასუხა, რომლითაც ისინი ამბობენ, რომ ასეთი ტიპის კანონმდებლობა ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მოქმედებს.

ჰერჩინსკი ჟურნალისტებთან საუბრის დროს პირდაპირ აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზება გამჭვირვალობის მოტივით არ უნდა მოხდეს. მეტიც, მისი თქმით, ამ კანონმდებლობას არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირში მოქმედ კანონმდებლობასთან.

ჰერჩინსკიმ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდა, რომ უკან გაიწვიონ მოცემული ინიციატივა, რადგან მისი თქმით, კანონი საქართველოს ევროინტეგრაციის გზას დააზიანებს.

არ უნდა მოხდეს გამჭვირვალობის მოტივით არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაცია. ჩვენ ვიცით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ავსებენ დეკლარაციებს მუდმივად და შესაძლებელია ყველაფრის ნახვა. ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს საუკეთესო მეგობრები ვართ. ჩვენი კარი ღიაა, რომ საქართველო გახდეს ჩვენი წევრი. გვაქვს იმედი, რომ ეს მომენტი მალე მოვა. გვინდა, რომ საქართველო იყოს უფრო დემოკრატიული. არასამთავრობო ორგანიზაციები კი დიდ როლს თამაშობენ ქვეყნის დემოკრატიაში.

სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება არის უმთავრესი ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს, ქვეყანას, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს."- ამბობს ჰერჩინსკი.

მსგავსი სიახლეები