პარლამენტმა ვერ უზრუნველყო შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი - ODIHR
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) ანგარიშის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოში მოსამართლეთა წარდგინების პროცესის ნაკლოვანებები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას რისკის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ ODIHR-ის მესამე შუალედურ ანგარიშშია საუბარი.
„გამჭვირვალობისა და მერიტოკრატიისადმი საზოგადოებრივი მოწოდებების და საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ODIHR-ის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საპასუხოდ, 2020 წლის სექტემბერში და 2021 წლის აპრილში პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა დასანიშნად სამართლებრივ ჩარჩოში ცვლილებები მიიღო, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა 2019 წელს მიღებული ცვლილებები. ვენეციის კომისიამ და საქართველოს რამდენიმე მნიშვნელოვანმა საერთაშორისო პარტნიორმა, მათ შორის ევროკავშირმა, ბოლო ცვლილებები შეაფასეს, როგორც ძირითადად პოზიტიური ზომები სამართალწარმოების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და თანასწორობის განმტკიცებისთვის, თუმცა აღნიშნეს, რომ კანონმდებლობაში რამდენიმე ხარვეზი კვლავ არსებობს.
2021 წლის 19 აპრილს, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერეს ევროკავშირის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებას, რომლის თანახმად, იღებდნენ ვალდებულებას ამ საკითხების განხილვამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების წარდგენა. ამის მიუხედავად, პარლამენტმა ვერ უზრუნველყო ფორმალური სამართლებრივი საფუძვლის შექმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რათა შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ვაკანტურ ადგილებზე. შედეგად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განაგრძო კანდიდატების შერჩევა, მოსმენა და შეფასება 2021 წლის გაზაფხულის განმავლობაში ერთდროულად მიმდინარე სამ კონკურსში. შერჩევის რაუნდებმა, რომლებიც ვაკანსიების დასაკავებლად ერთდროულად სამი განსხვავებული პროცესით მიმდინარეობდა, გაზარდა ეფექტურობა და ინტერესთა კონფლიქტი.
ODIHR -მა აღნიშნა, რომ განაცხადის წარდგენის პროცესმა გამოიწვია კანდიდატთა გუნდის მრავალფეროვნების სიმცირე, რაც გამოწვეულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმოქმედობით ვაკანსიის შესახებ შეტყობინების ფართოდ გავრცელების და კანდიდატების ფართო სპექტრის აქტიური წახალისების კუთხით, გარდა ამისა, შეშფოთება გამოითქვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სააპლიკაციო ფორმასთან დაკავშირებით პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების კუთხით," – აღნიშნულია ორგანიზაციის შუალედურ ანგარიშში.
ODIHR-ის ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისას კანონი ითვალისწინებს მკაფიო მექანიზმებს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, ODIHR-მა დააფიქსირა შესაბამისი სტანდარტებისა და რეკომენდაციების მნიშვნელოვანი დარღვევები ჩატარებული სამი კონკურსის დროს, რამაც შეიძლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს სასამართლოს დამოუკიდებლობა.
“2021 წლის 9 ივლისის მდგომარეობით, ევროკავშირის შუამდგომლობით მიღებული 19 აპრილის შეთანხმების თანახმად აღებული ვალდებულების საწინააღმდეგოდ, რომელიც უზენაეს სასამართლოში კანდიდატთა წამოყენების შეჩერებას ითვალისწინებს, პარლამენტმა განიხილა ცხრა კანდიდატი და ემზადებოდა მათ დანიშვნაზე კენჭისყრის გასაგრძელებლად“, – აღნიშნულია ODIHR -ის ანგარიშში.