რუსი იდეოლოგების დესანტი თბილისში - ვინ არიან პრორუსული კონფერენციის მონაწილეები
რუსი იდეოლოგების დესანტი თბილისში - იმ დროს როდესაც მთელი ქვეყანა რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტმა მოიცვა, ქართული ოცნება რუსეთის საგარეო დაზვერვის და კა გე ბეს - ვეტერანების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის კონფერენციას მასპინძლობს. რამდენიმე დღის წინ ანალოგიური შეკრება ოკუპირებულ ცხინვალშიც გაიმართა. თბილისის კონფერენციის მონაწილეთა შორის კი არიან ადამიანები, ვინც ცხინვალშიც იმყოფებოდა. რაც საქართველოს კანონის ოკუპაციის შესახებ ღიად და საჯაროდ დარღვევას ნიშნავს.
ორგანიზატორები დილიდან მალავდნენ პრორუსების თავშეყრის ადგილს, თუმცა "პირველების" კამერის გამოჩენის შემდეგ იძულებული გახდნენ, შეკრების მიზეზი აეხსნათ. ამბობენ, რომ ტრადიციულ ღირებულებებზე სასაუბროდ ჩამოვიდნენ, თუმცა რუსი პროპაგანდისტების საგანგებო მისიის რეალური მიზეზი სულ სხვაა. კრემლი ამ შინაარსის კონფერენციებს მხოლოდ ერთი მიზნით ატარებს - გაზარდოს მოსკოვის გავლენები იმ ქვეყნებში, სადაც მისი გეოპოლიტიკური ინტერესებია.