„ქართულ ოცნებას“ ილიას წყევლა სჭირს: „მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი“ - პაატა მანჯგალაძე
„ქართულ ოცნებას“ ილიას წყევლა სჭირს – „მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი“, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, მმართველმა პარტიამ რუსული კანონის პარლამენტში მიზანმიმართულად მოაბრუნა, რათა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრკოლება შექმნას. მანჯგალაძე პირდაპირ ამბობს, რომ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილიც მესამედ სწორედ ამ მიზნით მობრუნდა.
„რუსული კანონის“ მისაღებად, თურმე, რეგიონებიდან დაიძვრება ხალხი, რომ ეს კანონი თუ არ მივიღეთ, ისე სახლში ცოცხლები არ მივალთო. ასეთ სისულელეს საუბრობს „ქართული ოცნება. „ქართულ ოცნებას“ ილიას წყევლა სჭირს – „მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი“.
ეს კანონი „ქართულმა ოცნებამ“ მიზანმიმართულად შემოიტანა. სინამდვილეში, დიდად არ სჭირდება. პირდაპირ ვერ ბედავენ ევროკავშირზე უარის თქმას. იციან, რომ 80%-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს უნდა ევროკავშირი. ახლა ღიად გამოვიდეს არჩევნების წინ და თქვას, რომ ევროკავშირი არ მინდა, ნიშნავს კონფლიქტში შესვლას საქართველოს 80% მოქალაქესთან. ამიტომ, მოიგონეს კანონი, რომელიც სინამდვილეში, ბლოკავს ევროკავშირს. ბევრი სპეკულაცია იყო, რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი მესამედო. პირდაპირ გეუბნებით, ბიძინა ივანიშვილი მესამედ დაბრუნდა იმისთვის, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ახალგაზრდების საპირწონედ 29 აპრილს რუსული კანონის მხარდამჭერი აქცია ჩანიშნა. მმართველი პარტია აცხადებს, რომ აქციას ბიძინა ივანიშვილის დაესწრება. "ოცნება" ამტკიცებს, რომ მათ მიერ დაანონსებულ აქციაზე დგომა ახლა ღირსების საკითხია.
ამასთან, "პირველებმა" გაარკვია, რომ მმართველ პარტიას აქციაზე იძულებით ჩამოჰყავს საჯარო მოხელეებიც.