საჯარო მოხელეებს აშანტაჟებენ და აშინებენ - ირაკლი კუპრაძე
"ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ საჯარო მოხელეებს "ოცნები" დაანონსებულ აქციაზე მისვლა არ სურთ, თუმცა მათ აშანტაჟებენ და აშინებენ. ოპოზიციის წევრის ამ ფაქტს საქართველოს დემოკრატიული წყობის წინააღმდეგ დანაშაულად აფასებს. მისი თქმით, სწორედ 29-ში გამართული აქცია იქნება ხელისუფლების ძალადობის ტრაგიკული გამოვლინება.
არ აქვთ სურვილი, რომ იყვნენ რუსულ აქციაზე რუსულ ხელისუფლებასთან ერთად, მაგრამ მათ აშანტაჟებენ, აშინებენ, სთხოვენ ჯანმრთელობის ცნობებს, ვინც ამბობს, რომ ავად არის და ა.შ. ეს არის დანაშაული საქართველოს დემოკრატიული წყობის წინააღმდეგ და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელთაც უნდათ, რომ თავისუფლად გამოხატონ აზრი. ჩვენ ვნახავთ სამწუხარო, ტრაგიკულ გამოვლინებას იმ ძალადობისა, რომელიც იქნება ადამიანების იძულებით აქციებზე შეყრა, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე "ქართულ ოცნებას" ხალხი იძულებით მიჰყავს - "პირველების" მიერ მოპოვებული მიმოწერებით დგინდება, რომ ოლიგარქის პირველი სამიზნე სოციალური დასაქმების პროგრამის ბენეფიციარები არიან.
ეს ის ხალხია, რომლებიც ერთი წლის წინ სასაფლაოს მომვლელად, მეეზოვედ, ან დამლაგებლად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაასაქმეს.
მიმოწერებით ასევე ცხადი ხდება, რომ ყველას სთხოვენ, ორშაბათს უფასო ავტობუსებში ჩასხდნენ და თბილისში ჩამოვიდნენ.