კრამონი ბიძინა ივანიშვილს სანქციებს უანონსებს
დასავლეთი ბიძინა ივანიშვილს სანქციებს უანონსებს - ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ ქართველმა ოლიგარქმა "ოცნებას" ოფშორების კანონი იმიტომ მიაღებინა, რომ სანქციების ეშინია და ახლა ამ გზით ცდილობს თავისი აქტივები საქართველოში გადაიტანოს.
კრამონი ხაზგასმით აცხადებს, რომ ასეთი ადამიანების მისამართით სანქციებია შესამუშავებელი, რადგან ევროპარლამენტარის თქმით, მსგავსი ფიგურები საქართველოს კურსის შეცვლას ცდილობენ.
ევროპელი პოლიტიკოსი ასევე "თარჯიმნის სკანდალზეც" საუბრობს და ირაკლი კობახიძეს ტყუილში ადანაშაულებს.
საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი კანონი მიიღეს ოფშორების შესახებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს სჭირდება იმისთვის, რომ სანქციების შემთხვევაში თავისი აქტივები საქართველოში გადაიტანოს. ამიტომ, ჩვენ სწრაფად უნდა შევიმუშაოთ სანქციები, რომლებიც მიმართული იქნება იმ ადამიანებისკენ, რომლებიც საქართველოს კურსის შეცვლას ცდილობენ.
გარდა ამისა, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ქართულმა ოცნებამ მოგვატყუოს, იმიტომ რომ, როგორც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ პრემიერი ირაკლი კობახიძე იყო ბერლინში და მან ვერ მოითმინა კრიტიკა კანცლერ შოლცისგან, რის შემდეგაც ყველაფერი ცუდ თარჯიმანს დააბრალა", - ამბობს კრამონი.
დადასტურებულია, რომ ხელისუფლებამ მას შემდეგ დაიწყო სადავო კანონის მიღებაა, რაც პანამის სასამართლოში სკანდალური საქმის განხილვა დაიწყეს. გაჩნდა მოლოდინიც, რომ ვიდრე სკანდალურ საქმეზე პანამის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, ოლიგარქი ოფშორში შენახულ ქონებას საქართველოსკენ წამოიღებს.