პრემიერმა რუსული აქციის მოწინააღმდეგეებს "დაფინანსებულები" და "პარტაქტივი" უწოდა

23.04.24 15:17
პრემიერმა რუსული აქციის მოწინააღმდეგეებს "დაფინანსებულები" და "პარტაქტივი" უწოდა

პრემიერმა რუსული აქციის მოწინააღმდეგეებს დაფინანსებულები და პარტაქტივი უწოდა - ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ კანონს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დააინიციირა, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს. 

ირაკლი ღარიბაშვილის შემცვლელმა აქციის მონაწილეთა ნაწილს "1000 ლარად დაფინანსებული ადამიანები" უწოდა. 

ოპოზიციის აქციებზე დგანან კეზერაშვილის და დიმა ჩიქოვანის მიერ 1000 ლარად დაფინანსებული ადამიანები, ასობით ასეთი ადამიანი დგას ამ აქციებზე. რა თქმა უნდა, გულწრფელი ადამიანებიც არიან, მაგრამ დაახლოებით ნახევარზე მეტი არიან „ენჯეოების“, კეზერაშვილის თუ ხაზარაძის მიერ დაფინანსებული ადამიანები. „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა არის იგორ ნარმანია, რომელიც არის დიმა ჩიქოვანის ერთ-ერთი ხელდასხმული ახალგაზრდა და „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი და მას უწოდებენ გულწრფელ ახალგაზრდას"- უთხრა მედიას კობახიძემ. 

მისივე სიტყვებით:  აქციაზე "9500-დან იყო ორი მესამედი პარტაქტივი და შეიძლება 1000-1500 გულწრფელი ადამიანი" იყო. 

ამასთან, თუ მთავრობის მეთაურს დავუჯერებთ, "ქართული ოცნებაა" ის ერთადერთი ძალა, რომელსაც "ხალხის სახელით საუბრის მანდატი აქვს". 

 ჩვენ გვაქვს ხალხის სახელით საუბრის მანდატი. ეს მანდატი ჩვენ მოგვენიჭა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, 2020 წელს, როდესაც მივიღეთ 48% საპარლამენტო არჩევნებში. უფრო მეტიც, მას შემდეგ ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი და დღეს აჭარბებს 60%-ს...

ხალხი დგას ხელისუფლების მხარეს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 60%-ზე მეტია ჩვენი რეიტინგი და ქართული საზოგადოება მხარს უჭერს იმ კანონს, რომელიც არის ინიციირებული, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ანუ ინფორმაციის მიღებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ორგანიზაცია საიდან და რისთვის ფინანსდება. შესაბამისად, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია 29 აპრილს გასამართი ღონისძიება და მოვუწოდებთ ყველას, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ შეკრებაში"- დასძიმა კობახიძემ. 

აქ კობახიძემ პოლიტიკური იერიში მესამე სექტპრთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტზეც მიიტანა და სალომე ზურაბიშვილს ხალხის სახელით საუბარი ფაქტობრივად აუკრძალა: 

ყველა ხედავთ, რომ ძალიან ბევრი საუბრობს ქართველი ხალხის სახელით. ეს არსებითად ის ადამიანები არიან, რომლებიც სწორედ რომ პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან და რომლებსაც არ აქვთ სახალხო მხარდაჭერა. მაგალითად, იცით, რომ რადიკალური ოპოზიცია, რომლის რეიტინგი რადიკალურადაა შემცირებული, საუბრობს დღეს ქართველი ხალხის სახელით. „ენჯეოები“ საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციებს აქვთ რეკორდულად მცირე ნდობა ქართულ საზოგადოებაში. სალომე ზურაბიშვილი ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით, რომელიც პოლიტიკურად დისკრედიტირებულია ქართველი ხალხის თვალში, - თქვა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ "ქართულ ოცნებას" 60%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს. 

მარტში გვქონდა ჩვენ 61%-ზე მეტი რეიტინგი და ამ კანონის ინიციირების შემდეგ ეს რეიტინგი, დარწმუნებული ვარ, გაიზრდებოდა. უახლოეს მომავალში გაიზომება. როდესაც მმართველ გუნდს, ხელისუფლებას აქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი და 10%-იანი და 15%-იანი სუბიექტები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, ამ დროს მგონი მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ჩვენი მხარდამჭერების მოსაზრება, - თქვა კობახიძემ 29 აპრილს დაგეგმილ მობილიზაციაზე საუბრისას. 

 

მსგავსი სიახლეები