სასამართლოში ირაკლი კუპრაძის პროცესი მიმდინარეობს - მოსამართლემ დაცვის მხარის ყველა შუამდგომლობა დაბლოკა
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში "ლელოს" ლიდერის ირაკლი კუპრაძის პროცესი მიმდინარეობს. იმის დასამტკიცებლად, რომ პოლიციელებმა და სპეცრაზმმა უფლებამოსილებას გაადამეტეს და ადამიანები სასტიკად სცემეს, ადვოკატებმა პარლამენტის შენობაზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების ამოღება მოითხოვეს, თუმცა ამაზე მოსამართლემ უარი თქვა.
ამავდროულად, მოსამართლე მოპასუხე მხარის ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შსს-მ პროცესზე მედიასაშუალებებში გავრცელებული ვიდეომასალა წარადგინა, სადაც მათი მტკიცებით, ჩანს, როგორ ძალადობდა ირაკლი კუპრაძე პოლიციელებზე, როგორ შეურაცხყოფდა მათ და როგორ ცდილობდა სამართალმდაცველების კორდონის გარღვევას.
წარმოდგენილია ჩანაწერი, სადაც უშუალოდ ჩანს აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტი ანუ დამატებით გარე სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი, ვფიქრობ, რომ არაფერს არ მოგვცემ, - თქვა პროცესზე ბრალდების მხარემ.
პროკურატურის განცხადება კუპრაძის ადვოკატმა გააპროტესტა.
გვეუბნება ბრალდების მხარე, რომ ჩემს მტკიცებულებას ცალმხრივად ენდეთო, მე არ ვიცი, რა აქვთ წარმოდგენილი და ამ შემთხვევაში, მემგონი, ნათელია ყველაფერი, - თქვა ლევან სამუშიამ.
რამდენიმე წუთის წინ ირაკლი კუპრაძის ადვოკატმა პროცესზე მოსამართლე კობა ჩაგუნავას აცილების შუამდგომლობა დაყენა. ცნობილია, რომ მოსამართლე კობა ჩაგუნავამ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
თავად "ლელოს" ლიდერი კი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. ირაკლი კუპრაძის თქმით, სასამართლოსგან ელოდება პატიმრობასაც და ჯარიმასაც, რადგან სწორედ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა, რომელსაც სასამართლო შეასრულებს.
„ქართული ოცნება“ გვასამართლებს ევროპული მომავლის დაცვისთვის, უბრალოდ, მშვიდობიანი პროტესტისთვის. ეს არის პოლიტიკური დევნის უნიკალური მექანიზმი. ცალსახაა, რომ ხორციელდება საბჭოთა მეთოდებით, იმ ადმინისტრაციული კოდექსით, რომელსაც პირველ გვერდზე აწერია, რომ მიღებულია საბჭოთა საქართველოს საბჭოს უმაღლესი უზენაესი საბჭოს მიერ. ეს არის იმის ლუსტრაცია თუ რა ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ველოდებით პატიმრობასაც, ველოდებით ჯარიმასაც, იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური დევნა არის დაკვეთა, რომელსაც შეასრულებს საქართველოს სასამართლო და ის მზად არის, კლანის მეშვეობით ჩაერიოს და ზეწოლა მოახდინოს ნებისმიერ დამოუკიდებელ მოქალაქეზე, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.