"რადიკალების დამფინანსებლები" - ევროპარლამენტარების მწვავე კრიტიკას "ოცნება" ისევ თავდასხმით პასუხობს
ევროპარლამენტარების მწვავე განცხადებებს შალვა პაპუაშვილი თავდასხმით პასუხობს. პარლამენტის თავმჯდომარე ევროდეპუტატებს "რადიკალური ოპოზიციის" და "რადიკალური ჯგუფების" დაფინანსებაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ისინი არა თუ ევროპული, არამედ ადამიანური ღირებულებებისგანაც დაცლილები არიან.
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 29 აპრილს გამოჩნდება, ვის დასანქცირებას აპირებენ დასავლელი პარტნიორები.
გუშინ ძალიან საინტერესო დღე იყო ამ მხრივ. გარკვეულწილად, ჯანრის კლასიკა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ვიზუალიზაცია იმისა თუ როგორ ესმით თურმე ევროპული ღირებულებები ზოგიერთ ჯგუფებს. აღმოჩნდა, რომ თურმე ამ ჯგუფისთვის ევროპული ღირებულება არის კრიმინალთან ერთად ბრიფინგების ჩატარება, სისხლის სამართლის დამნაშავესთან ერთად გვერდში დგომა. ეს ჯგუფი აბსოლუტურად აცდენილია არათუ ევროპულ ღირებულებებს, არამედ ადამიანურ ღირებულებებსაც კი. გუშინ გამომსვლელებს შორის იყვნენ ადამიანები, ვინც არიან თავად მონაწილე საქართველოში ფარული დაფინანსებისა პოლიტიკური პარტიების და რადიკალური ჯგუფების. ეს იატაკქვეშა ფულის ხარჯვა, რაც ხდება საქართველოში ევროპის დემოკრატიის ფონდის მიერ, ამ ფონდის მმართველობაში არიან ევროპარლამენტარები. მათ შორის გამომსვლელებიც იყვნენ, ქალბატონი ანა ფოტიგა, ბატონი გალერი... ამ ევროპარლამენტარების მმართველობით საქართველოში ფარულად ფული იხარჯება რადიკალურ პარტიებზე, „დროაზე“, მაგალითად, იხარჯება რადიკალურ ჯგუფებზე, „სირცხვილიაზე“, მაგალითად, იხარჯება მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზირებაზე. აი, 29 აპრილს მობრძანდით აქციაზე და ნახეთ, ვის დასანქცირებას აპირებენ ეს ევროპარლამენტარები. ამათ უნდათ მორჩილი ქართული საზოგადოება, რომელიც კითხვებს არ დასვამს, გაყვება დირექტივებს და რომელიც იტყვის, რომ მორჩილებაშია თავისუფლება და უცოდინრობაში არის ძალა, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
გუშინ ევროპარალემენტის ტიბუნიდან ევროდეპუტატებმა მთელი მსოფლიოს გასაგონად კიდევ ერთხელ თქვეს, რომ თუ საქართელოს ხელისუფლება რუსულ კანონს მიიღებს, საქართველოსთან მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს. ევროპარლამენტარებმა ქვეყნისთვის არც სტატუსის შეჩერება გამორიცხეს და სანქციებიც დაანსონეს.