პაპუაშვილი პეტრას აუსტრევიჩუსს ქართულ პოლიციაზე თავდასხმაში ადანაშაულებს და ლიეტუვის საელჩოსგან განმარტებებს ითხოვს

24.04.24 12:56
პაპუაშვილი პეტრას აუსტრევიჩუსს  ქართულ პოლიციაზე თავდასხმაში ადანაშაულებს და ლიეტუვის საელჩოსგან განმარტებებს ითხოვს

შალვა პაპუაშვილს ისრები საერთაშორისო პარტნიორებზე გადააქვს - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტარს, პეტრას აუსტრევიჩუსს ქართულ პოლიციაზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

"ყველას შევახსენებ, რომ თავდასხმა პოლიციაზე, ეს არის თავდასხმა სახელმწიფოზე" - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი და ლიეტუვის საელჩოსგან განმარტებებს ითხოვს.

შალვა პაპუაშვილი 2023 წლის მარტის აქციების მოვლენებს იხსენებს და ამტკიცებს, რომ სწორედ "ევროპარლამენტარების მიერ მართული ევროპის დემოკრატიული ფონდის დაფინანსებით ხდებოდა მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზება".

გუშინ ევროპარლამენტის ერთ-ერთი წევრისგან ჩვენ ვიხილეთ პირდაპირი თავდასხმა ქართულ პოლიციაზე. ვგულისხმობ ბატონ აუსტრევიჩუსს. ეს ევროპარლამენტარი გახლავთ, გარდა იმისა, რომ ევროპარლამენტის წევრია, ამავე დროს ის არის ლიტვის სახელისუფლებო პარტიის წევრი და წარმომადგენელი ევროპარლამენტში... ყველას შევახსენებ, რომ თავდასხმა პოლიციაზე, ეს არის თავდასხმა სახელმწიფოზე. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, ვინაიდან ის არისმ მათ შორისმ ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი, კარგი იქნება, თუ შესაბამის განმარტებებს მოვისმენთ ლიეტუვის საელჩოსგანაც, რას ნიშნავს ეს თავდასხმა ქართულ პოლიციაზე.

ამავე დროს, სამწუხაროდ, ჩვენ გვახსოვს, თავად ლიეტუვის ელჩის განცხადებაც 2021 წელს, როდესაც ნიკა მელიას დაკავება მოხდა, მაშინ მან ძალადობა უწოდა პოლიციის ქმედებას. [...] ეს ტენდენციები ქართულ პოლიციაზე თავდასხმისა, ლიეტუვის ელჩის მაშინდელი განცხადება, ახლა ლიტველი პოლიტიკოსის განცხადება რომელიც ამავე დროს სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელია, არის ძალიან სამწუხარო და კარგი იქნება, თუ ლიეტუვის საელჩო ამ საკითხზე გააკეთებს განმარტებას. იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური, იდეოლოგიური მხარდაჭერა იმ მოლოტოვის კოქტეილებისა, რომლის სროლაც ჩვენ ვნახეთ შარშან მარტში და ჩვენ ვნახეთ მათ შორის, რომ მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზება ზუსტად იგივე ევროპარლამენტარების მიერ მართული ევროპის დემოკრატიული ფონდის დაფინანსებით ხდებოდა", - თქვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 23 აპრილს, ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა ქართველი პოლიციის მაღალჩინოსნების დასანქცირება მოითხოვა.

აუსტრევიჩუსმა ევროკომისიას მოუწოდა, სანქციები დაუწესდეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს,  ზვიად ხარაზიშვილსა და თბილისის პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს.