იურიდიულ კომიტეტის სხდომიდან თამარ კორძაია გააძევეს
იურიდიულ კომიტეტის სხდომიდან გაძევებები გრძელდება - კომიტეტის თავმჯდომარემ ამჯერად დარბაზი თამარ კორძაიას დაატოვებინა.
მიზეზი დეპუტატის მიერ დასმული კითხვები გახდა, რომელიც რუსულ კანონთან დაკავშირებულ რისკებს უკავშირდებოდა.
გაძევებულმა პოლიტიკოსმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სხდომის დატოვება მიზანმიმართული პროცესია - "დავალება აქვთ, რომ თითო თითოდ გამოგვყარონ, იმიტომ, რომ 8 საათზე მათი მოყვანილი ცხვრები უნდა გაართონ".
ესენი არიან ბიძინას მგზავრები, რომლებსაც მიჰყავთ საქართველო რუსეთში. თუ უყურებდით ლაივს, ძალიან კარგად ჩანდა, რომ ვახდენდი ციტირებას, ვუთითებდი იმაზე, რომ ისინი არღვევენ კანონს, მაგრამ არ მოსწონთ, დავალება აქვთ, რომ თითო თითოდ გამოგვყარონ, იმიტომ, რომ 8 საათზე მათი მოყვანილი ცხვრები უნდა გაართონ. ეს მატარებელი მიდის რუსეთში, დღეს ვინც მოვა, ყველა ის არის ადამიანი, ვისაც უნდა რუსეთში, - თქვა კორძაიამ.
ცნობისთვის, აქამდე სხდომათა დარბაზი გიორგი ვაშაძესა და ლევან ბეჟაშვილს დაატოვებინეს.