დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, თავისუფლებას - საჯარო მოხელე რუსული კანონის წინააღმდეგ

01.05.24 22:21
დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, თავისუფლებას - საჯარო მოხელე რუსული კანონის წინააღმდეგ

საჯარო მოხელეებს, რომლებიც, რუსული კანონის წინააღმდეგ ღიად სუბრობენ, თბილისის მერიის კიდევ ერთი თანამშრომლი შეუერთდა. 

ჯაბა ქარელი კოლეგებს, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს: 

“შეგნებული მაქვს საჯარო სამსახურში ჩემთვის დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა და ვაცხადებ, რომ ერთგულად ვემსახურები ხალხსა და სახელმწიფოს, დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, კანონებსა და სხვა სამართლებრივ აქტებს, პატივს ვცემ საჯარო ინტერესებს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, კეთილსინდისიერად აღვასრულებ ჩემს მოვალეობებს”. 
ვარ საჯარო მოხელე და ეს ის ფიცია, რომელიც საჯარო სამსახურში შესვლამდე დავდე. თავად ეს სტატუსი არასოდეს გამხდარა ჩემთვის დაბრკოლება მკაფიოდ დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია და ვმდგარიყავი იქ, სადაც ხალხის და სახელმწიფოს ინტერესების დაცვა გადამწყვეტია! ასე იყო მაშინ, როდესაც პირველად 3 წლის წინ შევდგი ფეხი საჯარო სამსახურში და ასე იქნება მომავალშიც! მოგმართავთ თქვენ საჯარო მოხელეებო, კოლეგებო, ნაცნობებო და უცნობებო, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად და დაუღალავად ემსახურებით ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მიზანს. თქვენ ყველაზე უკეთ იცით ამ შრომის ფასიც და იმის ფასიც, რასაც ამ გზიდან გადახვევა ჰქვია! ჰოდა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი ვისი თუ არა უპირველესად სწორედ თქვენი დასაცავია. ძვირფასო კოლეგებო, გამოხატეთ თქვენი საჯარო პოზიცია მკაფიოდ გაბედულად და თავაწეულად იმიტომ, რომ თავისუფლების და სამშობლოს დაკარგვის შემთხვევაში დასაკარგიც აღარაფერი იქნება.  

მსგავსი სიახლეები