პრეზიდენტი: ივანიშვილი ამბობდა, რომ ევროპელი მეგობრები მტრები არიან, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრული უმრავლესობის აზრს

02.05.24 01:32
პრეზიდენტი: ივანიშვილი ამბობდა, რომ ევროპელი მეგობრები მტრები არიან, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრული უმრავლესობის აზრს

საქართველოს პრეზიდენტი რუსული კანონის წინააღმდეგ - Sky News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული კანონი "რუსეთის მიერ  არის შთაგონებული". 

მთავარსარდალმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე გავლენიანი საერთაშორისო მედიის ეთერით გააკრიტიკა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის ევროპელი მეგობრები მტრებად გამოაცხადა, რასაც საქართველოს მოქალაქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება.

ის, რაც 2 დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა ეწინააღმდეგება საქართველოს სრული უმრავლესობის აზრს, ის ამბობდა, რომ ევროპელი მეგობრები ჩვენი მტრები არიან, რომ ისინი ცდილობენ რევოლუციის მოხდენას საქართველოში"- ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა არაპროპორციული ძალა. 

ზურაბიშვილის თანახმად, "ეს ბრძოლა დიდი ხანია, მიმდინარეობს და საქართველოს მოსახლეობა ყოველთვის იმარჯვებს რუსეთის წინააღმდეგ". 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს კანონი არის რუსეთის მიერ შთაგონებული და სწორედ ამან გამოიწვია ამხელა პროტესტი, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროტესტი არ არის მართული ოპოზიციური პარტიების მიერ, ამ პროცესში მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგაზრდები ისინი, ვისაც არ უნდა რუსული მარწუხების ქვეშ ცხოვრება, კანდიდატის სტატუსი რომელიც მივიღეთ, მოლაპარაკებების ეტაპი რომელიც უნდა დაიწყოს ახალგაზრდები ხედავენ ამ შესაძლებლობას და არავის მისცემენ უფლებას რომ დააკარგვინონ ევროპული მომავალი რომელიც ასე ახლოსაა."- თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტი Sky News-თანაც ადასტურებს, რომ რუსულ კანონპროექტს, მისი მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში ვეტოს დაადებს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობამ გადამწყვეტ არჩევნებზე საკუთარი არჩევანი ნათლად უნდა დააფიქსიროს.

ვეტო სიმბოლურია, მე დავადებ ამ კანონს ვეტოს, თუმცა მმართველი პარტია ამის გადალახვას შეძლებს ისე როგორც სხვა შემთხვევებში მოხდა, საკუთარი არჩევანი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება, ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევნებზე,  იქ უნდა აირჩიონ ევროპა თუ რუსეთი" - დასძინა მან.