საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს ბოქლომი დაადო, გადამალა საგარეო საქმეთა მინისტრი - გოცირიძე
საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს ბოქლომი დაადო, გადამალა საგარეო საქმეთა მინისტრი - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის უკანა შესავლელთან, ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილი შესინებულია და უნდა პარლამენტი საკუთარ ციხე-სიმაგრედ გადააქციოს.
ოპოზიციონერი ამბობს, რომ ამ "ციხესიმაგრეში" „ქართული ოცნების“ დეპუტატები ვერც შედიან და სპეცრაზმის გარეშე ვერც გარეთ გამოდიან.
აი, ასეთი ცხოვრება ექნებათ მანამ, სანამ არ გააუქმებენ ამ კანონს - ამბობს გოცირიძე
„12 საათია ახლა. მოვედით პარლამენტის წევები, რათა მოვუსმინოთ საგარეო საქმეთა მინისტრს. საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი, გადამალა საგარეო საქმეთა მინისტრი და შეშინებულებმა ფაქტობრივად გააუქმეს ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა. მანამდე, 10- დღიანი არნახული არდადეგები მოუწყვეს მთელ ქვეყანას. ბიუჯეტიდან ფულს რომ იპარავენ და შემდეგ არიგებენ და რაღაც შეღავათებს აძლევენ, ახლა კალენდარული დღეებიც მოიპარეს. ხალხს ეუბნებიან, ოღონდ არ გააპროტესტოთ და 10 დღე ისხედით სახლებშიო. აი, ეს არის კომიკური მარაზმატული ხელისუფლება. ხელისუფლებას, რომელიც დაუპირისპირდება ხალხს, მარცხდება. შეშინებულმა ივანიშვილმა მოინდომა, რომ პარლამენტი გადააქციოს საკუთარ ციხე-სიმაგრედ. მაგრამ ციხე-სიმაგრე რა არის წარმოდგენაში? შიგნით უნდა დაიმალო და გარედან ვიღაცამ დაგიცვას, მაგრამ შიგნითაც კი ვერ შემოდიან. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ვერც შიგნით შემოდიან და გარეთ სპეცრაზმის გარეშე ვერ გამოდიან. აი, ასეთი ცხოვრება ექნებათ მანამ, სანამ არ გააუქმებენ ამ კანონს. ყველაფერი წინა არის. მესამე მოსმენა წინ გვაქვს," - განაცხადა გოცირიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში დღეს აღარ გაიმართება. საქართველოს პარლამენტი ამ დრომდე დაკეტილია. საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლაც კი აკრძალულია. შალვა პაპუაშვილის პოლიტიკური შუქნიშანი წითლიდან ყვითელ დონეზე ორ საათზე გადაერთვება, თუმცა დიდი ალბათობით დეპუტატების დღის წესრიგი შეიცვლებაა და სხდომები არ გაიმართება. რუსული კანონის მეორედ მოსმენის მიღების შემდეგ დეპუტატები სამსახურში ვერ მიდიან. დღეს საღამოს შვიდ საათზე კი ისევ აქციაა დაანონსებული.