დაწერე განცხადება და წადი სახლში! გადადექი! - სამადაშვილი დარჩიაშვილს

02.05.24 12:32
დაწერე განცხადება და წადი სახლში! გადადექი! - სამადაშვილი დარჩიაშვილს

დაწერე განცხადება და წადი სახლში! გადადექი! - „ლელოს“ დეპუტატი, სალომე სამადაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს.

სამადაშვილის თქმით, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პარლამენტში ვეღარ მიდის, რადგან საკანონმდებლო ორგანო ქართველი ხალხის ნებას აღარ გამოხატავს.

„ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას ორი მთავარი საყრდენი აქვს, ერთი ეს არის ქართული ჯარი და მეორე ქართული დიპლომატია. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას სჭირდება ორივე. ქართველი დიპლომატები ყოველთვის უნდა იყვნენ საკუთარი სახელმწიფოს ჯარისკაცები და დღეს მათი გენერალი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვეღარ მოდის საქართველოს პარლამენტში იმიტომ, რომ ეს პარლამენტი აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ამიტომ მე ილია დარჩიაშვილს ერთადერთ რამეს ვეტყვი, დაწერე განცხადება და გადადექი იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება ითვლის საკუთარი არსებობის უკანასკნელ თვეებს და შენ ის მაინც შეგრჩება შენს ბიოგრაფიაში, რომ ხელი არ მოაწერე ქვეყნის ღალატს გადამწყვეტ მომენტში. დაწერე განცხადება და წადი სახლში!” - განაცხადა სამადაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში დღეს აღარ გაიმართება.  საქართველოს პარლამენტი ამ დრომდე დაკეტილია. საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლაც კი აკრძალულია. შალვა პაპუაშვილის პოლიტიკური შუქნიშანი წითლიდან ყვითელ დონეზე ორ საათზე გადაერთვება, თუმცა დიდი ალბათობით დეპუტატების დღის წესრიგი შეიცვლებაა და სხდომები არ გაიმართება. რუსული კანონის მეორედ მოსმენის მიღების შემდეგ დეპუტატები სამსახურში ვერ მიდიან.  დღეს საღამოს შვიდ საათზე კი ისევ აქციაა დაანონსებული.