"უკვე პარლამენტის დარბაზში გამოჩენისაც ეშინიათ" - დეკანოიძე "ოცნების" დეპუტატებზე
ხელისუფლებას საპარლამენტო არბაზში გამოჩენისაც ეშინია, - ასე აფასებს "ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე საკანონმდებლო ორგანოში ბიუროსა ა პლენარული სხდომების გადადების ფაქტს.
ოპოზიციის წევრი მოქალაქეებს რუსული კანონის გაპროტესტებისთვის მადლობა უხდის და მოუწოდებს მათ, დღეს 19:00 საათზე ისევ პარლამენტთან შეიკრიბონ.
„დღეს იყო დაგეგმილი სხდომა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა, ვინაიდან საკითხი ეხება ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევას, როდესაც გუშინ ოთხმოცდასამივე დეპუტატმა მხარი დაუჭირა რუსულ კანონს.
ვფიქრობ, მათ გათვითცნობიერებული აქვთ, რომ სპეცრაზმის გარეშე გადაადგილებაც არ შეუძლიათ, ახლა საპარლამენტო დარბაზში გამოჩენაც ეშინიათ მაშინ, როდესაც რიცხობრივად მეტი არიან. მინდა თითოეულ თქვენგან მადლობა ვუთხრა, იმისთვის, რომ გუშინ იყავით. უამრავი ადამიანი იყო დილამდე. ათასობით და ათი ათასობით ადამიანი ჩამოვიდა რეგიონიდან, რა თქმა უნდა, ეს პროტესტი არ შეწყდება. მინდა, მოვუწოდო თითოეულ თქვენგანს, რომ დღეს 19:00 საათზე კვლავ პარლამენტთან არის პროტესტი და შევიკრიბოთ ყველა ერთად, რათა საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანი რუსეთი არ იყოს. დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან ვიკრიბებით რუსული კანონის გასაპროტესტებლად“,- აღნიშნა დეკანოიძემ.
პარლამენტში დღეს ბიუროსა და პლენარული სხდომა აღარ გაიმართება. განცხადებას ამის შესახებ პარლამენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ამ დროისთვის ადგილზე გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.