აქამდე პარლამენტის შენობიდან ჩვენ გვაძევებდნენ და ახლა თავად გაიძევეს თავი - ბოკუჩავა

02.05.24 13:08
აქამდე პარლამენტის შენობიდან ჩვენ გვაძევებდნენ და ახლა თავად გაიძევეს თავი - ბოკუჩავა

აქამდე პარლამენტის შენობიდან ჩვენ გვაძევებდნენ და ახლა თავად გაიძევეს თავი - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ "ოცნებას" საკუთარი მოქალაქეების ეშინია და სწორედ ამის გამოა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედებული.

ბოკუჩავას თქმით, ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები ისეთი მხდალები არიან, რომ დღეს, პარლამენტის შენობის გახსნა საერთოდ ვერ გაბედეს.

„ვერშემდგარი, შეშინებული დიქტატორი ივანიშვილი თავისი მხდალი, მოღალატე დეპუტაციით, რომელიც გუშინ პარლამენტის შენობიდან მორიგ ჯერზე სპეცრაზმმა გააპარა, დღეს საერთოდ ვერ ბედავს პარლამენტის შენობის გახსნას, მათ შორის, შეზღუდული გვაქვს შესვლის უფლება დეპუტატებს, ისევე როგორც ჟურნალისტებს. აქამდე ჩვენ გვაძევებდნენ პარლამენტის შენობიდან და ახლა თავად გაიძევეს თავი, რადგან მათ ეშინიათ ქართველი ხალხის, საკუთარი მოქალაქეების იმიტომ, რომ ხედავენ ქართველი ხალხი არ აპირებს დათმოს თავისი ევროპული, ამ ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული, ევროპული განვითარების შანსი და სწორედ ამის დასაცავად გამოდის ყოველდღე,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში დღეს აღარ გაიმართება.  საქართველოს პარლამენტი ამ დრომდე დაკეტილია. საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლაც კი აკრძალულია. შალვა პაპუაშვილის პოლიტიკური შუქნიშანი წითლიდან ყვითელ დონეზე ორ საათზე გადაერთვება, თუმცა დიდი ალბათობით დეპუტატების დღის წესრიგი შეიცვლებაა და სხდომები არ გაიმართება. რუსული კანონის მეორედ მოსმენის მიღების შემდეგ დეპუტატები სამსახურში ვერ მიდიან.  დღეს საღამოს შვიდ საათზე კი ისევ აქციაა დაანონსებული.