"საქართველოს ვერავინ "დააჩმორებს" - კალაძე

02.05.24 14:56
"საქართველოს ვერავინ "დააჩმორებს" - კალაძე

თბილისის მერი თავს საერთაშორისო პარტნიორებს და მესამე სექტორს ესხმის - კახა კალაძე რუსული კანონის მესამე მოსმენით დამტკიცებას აანონსებს და აცხადებს, რომ კანონპროექტის მიღებით არასამთავრობო ორგანიზაციების "ბნელ" საქმიანობას, რომელსაც უცხო ძალა აფინანსებს, ფარდა აეხდება.

"ვერავინ გაბედავს საქართველოს "დააჩმორებას" - ამბობს კალაძე და იქვე დასძენს, რომ როგორც შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც საქართველო არავის "ვასალი" არ გახდება.

თბილისის მერი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" სწორი პოლიტიკით ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნება და ქვეყანა "ორ ფეხზე დგომით" ევროპული ოჯახის წევრი გახდება.

გულწრფელად მჯერა ის, რომ არის რადიკალების დაჯგუფება, კონკრეტული ადამიანები, რომელსაც კეზერაშვილის სიძე, ვინმე ჩიქოვანი, ასევე „ფრანკლინის კლუბი“ და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მართავს, რომელიც უცხო ძალებისგან ფინანსდება. უკვე მეორე მოსმენით არის კანონი მიღებული. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გამოაშკარავდეს ვინ, საიდან ფინანსდება და რა მიზნით. ყველაფერი უნდა იყოს დეკლარირებული, ღია და გამჭვირვალე. ძალიან მალე მესამე მოსმენით მივიღებთ აღნიშნულ კანონს და თქვენთვის ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემასაც გეტყვით, ვიცი, ძალიან გაგიხარდებათ. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება. შემიძლია „დაგასპოილეროთ“ და გითხრათ, რომ აუცილებლად გაიხსნება მოლაპარაკებები და „ქართული ოცნების“ პირობებში, აუცილებლად გახდება საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, ოღონდ ისეთი კი არა გაფარჩაკებული და „დაჩმორებული“, ამაყი, თავაწეული, ორ ფეხზე მდგომი, ღირსებით სავსე. ეს მინდა იცოდეს ყველამ!.

ვერავინ გაბედავს საქართველოს „დააჩმორებს“, ყოველ შემთხვევაში, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. ასევე, ერთი რამ ყველა დაიმახსოვრეთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, საქართველო არასდროს გახდება ვინმეს ვასალი“, - განაცხადა კალაძემ.