აქციის მონაწილეები მათ მიმართ რეზინის ტყვიების გამოყენებაზე საუბრობენ - საგამოძიებო სამსახური დუმს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამ დრომდე დუმს - კაციტაძის უწყებაში არ ამბობენ, დაიწყებენ თუ არა გამოძიებას სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე. ფაქტებით არის დადგენილი, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმელებმა წუხელ რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაშავებულია ათობით მომიტინგე. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ იმით გადარჩა, რომ თავზე ჩაფხუტები ეფარათ. ზოგს რეზინისს ტყვიამ გულთან ახლოს ჩაუარა. 25 წლის ბიჭმა ლამის თვალიც კი დაკარგა.
სოციალურ ქსელში ვნახე ტროლები და ბოტები წერდნენ, თითქოს ერთმანეთს ვეჩხუბეთ ჩვენ. ვისთან უნდა მეჩხუბა ჩაფხუტზე. იქ ვიყავი, ბიჭს თვალში რომ ჩაარტყეს, ჩვენ ჩამოვიყვანეთ სასწრაფომდე. მაგის გარდა კაცი იყო, მუცელში ჰქონდა მოხვედრილი. ჩემს ბიძაშვილს გულთან და წელთან აქვს რეზინის ტყვია მოხვედრილი. ჩანთაში გაატარა ორგან და ამ ადამიანებზე ამბობენ, თითქოს რეზინის ტყვიები არ ყოფილაო. თავით ვიყავი გისოსებთან მისული და ვიჭერდით ფიცრებს, მაგით წყლის ჭავლს ვაკავებდით და მაგ დროს მომხდა. ფიცრებს შორის იყო რაღაცა სივრცე და იქ გამოყვეს ის ფისტოლეტები თუ რაც არის და მაშინ მომხდა რეზინის ტყვია", - ამბობს აქციის მონაწილე.
"ქართული ოცნება" დილიდან თავის მართლების და გადაბრალების რეჟიმზეა გადასული. ფაქტები ხელისუფლების არგუმენტებს ეწინააღმდეგება, ამიტომ გადაწყვიტეს მინიშნებებით რეზინის ტყვიების გამოყენაც, მომიტინგეებისთვის დაებრალებინათ.
გუშინ ღამის 12 საათზე გაამრთულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, რომელიც რეზინის ტყვიების გამოყენებას ეხებოდა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთ თანამშრომელს რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია“.
„რა იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ისროდნენ?! დაინახეთ“?! - შეუბრუნა მან კითხვა ჟურნალისტს და დასძინა: „პარლამენტის შესასვლელთან ჩვენ ვიყენებთ წიწაკის სპრეის და ცრემლმდენ გაზს“.