მოვუწოდებთ მთავრობას სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია და შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ - ევროპარლამენტარების განცხადება
"ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი ვითარებით და ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც აპროტესტებენ „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს," - ერთობლივ განცხადებას ევროპარლამენტარები ავრცელებენ და გმობენ ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევას.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რომ სასწრაფოდ განმუხტოს სიტუაცია და შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია და შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჩვენ ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც მკაცრად უნდა იქნას დაცული," - წერია განცხადებაში.
ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ საუბრობენ საფრთხეებზე, რაც რუსული კანონის დამტკიცებას მოჰყვება და ხელისუფლებას უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. გარდა ამისა, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ მთავრობას, რომ ხალხის მოლოდინი გაამართლონ და ქვეყნის ევროპული კურსს საფრთხე არ შეუქმნან.
ჩვენ უკვე გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება საკამათო კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს თავდასხმას დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე. თუ ეს კანონი მიიღება, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, უკან დაიხიოს კანონპროექტი და კონცენტრირება მოახდინოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეფორმებზე.
ქართველი ხალხი იცავს თავისუფლებას, დემოკრატიას და ევროპულ მომავალს. მათ არ სურთ რუსეთის ორბიტის ნაწილი იყვნენ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გაამართლონ თავიანთი მოქალაქეების მოლოდინები და არ დაბლოკონ მათი ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებები.
ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც ავლენს დაუღალავ ერთგულებას დემოკრატიის, ევროპული ღირებულებებისადმი და საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ," - წერია განცხადებაში.