7 ნოემბრის დარბევის ორგანიზება ივანიშვილის უშუალო თანამონაწილეობით მოხდა - სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი ბიძინა ივანიშვილს 7 ნოემბრის დარბევის წახალისებაში ადანაშაულებს - "ლელოს" წევრი "დღის ამბების" ეთერში ამტკიცებს, 2007 წლის 7 ნოემბერს განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები ქართველი ოლიგარქის უშუალო თანამონაწილეობით დაორგანიზდა.
სამადაშვილი აცხადებს, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა, თუმცა მისი თქმით, ივანიშვილის თანამონაწილეობით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, რომლის მიზანიც საერთაშორისო პარტნიორების თვალში საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობა იყო.
ივანიშვილის უშუალო თანამონაწილეობით მოხდა 7 ნოემბრის დარბევის ორგანიზება. მე ეს ინფორმაცია მაქვს და დრო არის, რომ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე. 7 ნოემბრის წახალისება მოხდა ივანიშვილის მიერ. ივანიშვილმა წაახალისა 7 ნოემბრის დარბევა. 7 ნოემბრის დარბევა იყო ძალიან მძიმე მომენტი. მე როგორც საქართველოს ელჩმა ევროკავშირში დავუკავშირდი დავით ბაქრაძეს და ვუთხარი, რომ ან ახლა რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც გამოასწორებს სიტუაციას, ან ახლა მე დავწერ განცხადებას ევროკავშირში, რადგან არანაირი აზრი ჩემ ბრიუსელში ყოფნას არ ექნება, რადგან ჩვენ წინ ვერ წავალთ ევროკავშირისა და ნატო მიმართულებით. ამის შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი გადადგა. ეს მიიღო დასავლეთმა როგორც დასტური იმისა, რომ პასუხისმგებლობა 7 ნოემბერზე მაშინდელმა ხელისუფლებამ აიღო", - ამბობს სამადაშვილი.