რუს ოლიგარქს საპოლიციო ძალა აღარ ჰყოფნის და კრიმინალების გამოყენებით ცდილობს მოკლას ჩვენი ევროპული პერსპექტივა - "გირჩი მეტი თავისუფლება" და "დროა"
ოცნების დაქირავებული კრიმინალური, მოძალადე ჯგუფები სახლებისკენ მიმავალ აქციის მონაწილეებს თავს ესხმიან - ასე ეხმაურებიან პარტიები "გირჩი მეტი თავისუფლება" და "დროა" გუშინ, რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე მომხდარ ინციდენტებს.
ერთობლივ განცხადებაში პარტიები ამბობენ, რომ "რუს ოლიგარქს საპოლიციო ძალა აღარ ყოფნის მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და კრიმინალების გამოყენებით ცდილობს მოკლას" ევროპული პერსპექტივა.
"ის, რაც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება ნათლად აჩვენებს რამდენად შეშინებული და უმწეოა საქართველოს რუსული ხელისუფლება.
ოცნების დაქირავებული კრიმინალური, მოძალადე ჯგუფები სახლებისკენ მიმავალ აქციის მონაწილეებს თავს ესხმიან.
კრიმინალების ნაწილი უკვე ამოცნობილია და ამოვიცნობთ ყველა დაჯგუფებას, დავადგენთ ყველა მოძალადის ვინაობას, ავტომანქანის ნომერს.
რუს ოლიგარქს საპოლიციო ძალა აღარ ყოფნის მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და კრიმინალების გამოყენებით ცდილობს მოკლას ჩვენი ევროპული პერსპექტივა.
ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძალადობა არათუ გატეხს ჩვენს ეროვნულ წინააღმდეგობას, არამედ მეტი სოლიდარობით, მოტივაციითა და შემართებით ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის.
კი ევროპას, არა რუსულ რეჟიმს!"- წერია განცხადებაში.