პრემიერის დემარში აშშ-ს - რას ამბობს პაპუაშვილი
"პრემიერის მიმართ ამერიკისგან როდესაც ხდება შეთავაზება და იქვე წინაპირობების დაყენება, ეს სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება", - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა და გამოეხმაურა ამერიკის ელჩის განცხადებას, საიდანაც ირკვევა, რომ პრემიერმა აშშ-ში ჩასვლაზე უარი განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
კითხვაზე, აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერის უარი ხომ არ დააზიანებს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობას, პაპუაშვილი პასუხობს, რომ არა.
„არა, რა თქმა უნდა. საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა უფრო ღრმაა, სერიოზული, ვიდრე შეიძლება, ასეთი სახის გაუგებრობები იყოს, და დამყარებულია ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე. რაც შეეხება კონკრეტულ შეთავაზებას პრემიერ-მინისტრის მიმართ ვიზიტთან დაკავშირებით, შეთავაზება როდესაც ხდება და იქვე წინაპირობების დაყენება, ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და იმ ნდობით ურთიერთობას, რომლითაც ვუყურებთ ჩვენს დამოკიდებულებას აშშ-ის მიმართ.
ჩვენ სხვადასხვა დროს გამოგვიჩენია, რას ნიშნავს, ჩვენი გაგებით, პარტნიორობა. ჩვენს პარტნიორებს გავყევით ომში ავღანეთში და მხარდამხარ ვიბრძოდით ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, არანაირი პირობა არ გვქონდა დაყენებული. ჩვენ გვესმოდა ის გამოწვევები, რომლებიც არსებობდა უსაფრთხოების სახით მსოფლიოს წინაშე და ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვიღებდით ამ საკითხზე. მოლოდინია, რომ სწორედ ასეთი დამოკიდებულება იქნება და როდესაც არის სურვილი საუბრის, ვიზიტის განხორციელების, წინაპირობები არ იქნება დაყენებული, ვინაიდან ეს, გარკვეულწილად, ჩრდილს აყენებს დამოკიდებულებას, იწვევს კითხვის ნიშნებს, რატომ ხდება ასეთი წინაპირობების დაყენება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს მთავრობის უარი შტატების მიწვევაზე - ივანიშვილის პარტია დიდ საკნდალშია გახვეული. საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი აცხადებს, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნები შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად მიიწვიეს, თუმცა ქართულმა მხარემ მიწვევაზე უარი თქვა.
"პრემიერი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით" - ასე უპასუხეს დანიგანს საგარეო საქმეთა სამინისტროდან.