კინზინგერი: ოლიგარქმა გადაწყვიტა, საქართველო რუსეთს მოარგოს
"ახლახან “ქართულმა ოცნებამ” და მისმა დე ფაქტო ლიდერმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო რუსეთს მოარგონ", - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი ადამ კინზინგერი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, მედგრად დგომისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ საქართველოსა და აშშ-ის ალიანსი ბიძინა ივანიშვილზე ძლიერია.
ყოფილ კონგრესმენს (2011, 2023) რამდენიმეწუთიანი ვიდეო-მიმართვა აქვს ჩაწერილი, რომელიც სოციალურ ქსელ “X-ზე” გამოაქვეყნა.
ქართველებმა იციან, რა არის რუსეთი და მათ ცალსახად არ სურთ არაფერი რუსული. ახლახან “ქართულმა ოცნებამ” და მისმა დე ფაქტო ლიდერმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო რუსეთს მოარგონ. გამოაფრქვიეს ტყუილები და მთელი პროპაგანდა, თითქოს აშშ-ს გააფთრებით ცდილობს საქართველო რუსეთს დაატაკოს უკრაინის გამო. ხომ ნათელია, რომ ეს არის სიგიჟე.
მათ ხელახლა დააინიციირეს “უცხოური აგენტების შესახებ კანონი”, რომელმაც უნდა აიძულოს არასამთავრობო ორგანიზაციები აგენტებად დარეგისტრირდნენ. კანონი, რომელსაც მხარს უჭერენ “ქართული ოცნების” ბატონები მოსკოვში, ვის ტვინებშიც მოიხარშა კიდეც ეს კანონი.
ამის პასუხად ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვიდა. რამდენიმე საათის წინ ამ ხალხს მხეცურად არბევდნენ, მაგრამ ამან მხოლოდ გაამყარა ქართველი ხალხის გადაწყვეტილება და კიდევ მეტი ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში საპასუხოდ.
მე ახლა ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, საბედნიეროდ და მთავრობაში აღარ ვარ. მაგრამ მე კარგად ვიცნობ საქართველოს და მის ხალხს. და მე მიყვარს ეს ქვეყანა.
როგორც ყოფილი კონგრესმენი ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას ხალხს, რომელიც ქუჩაში დგას საქართველოში და “ქართული ოცნების” ტირანიას უპირისპირდება. თქვენ გვერდით დგას აშშ-ც და ევროპაც. თქვენ წინააღმდეგ მთავრობების მიერ მიღებული ზომები შეიძლება ბინძური იყოს ხანდახან, მაგრამ თქვენს ხმას, ქართველების ხმას, ვერასდროს ვერაფერი ჩაახშობს”, – ამბობს კინზინგერი.
ყოფილი კონგრესმენი იხსენებს ასევე ქართველი მებრძოლების დიდ წვლილს ავღანეთში, მეტიც, ყველაზე დიდ წვლილს, მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით. იხსენებს ფიზიკურად და მორალურად დაშავებულ ქართველებს, რომლებიც ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ იბრძოდნენ ავღანეთში.
იმ ჯარისკაცების ნაწილი დღეს პოლიციაში არიან. იმ პოლიციაში, რომელსაც მიღებული აქვს ბრძანება, რომ დევნოს ხალხი. ახლა საუკეთესო დროა იმისთვის, რომ უარი თქვათ ამ ბრძანებების შესრულებაზე და გადადგეთ. ან სულაც შეუერთდეთ ქართველ ხალხს, რომელიც ქუჩაში დგას. ხალხს, რომელსაც სხვა არაფერი უნდა გარდა თავისუფლებისა, რუსეთისგან განცალკევებით ყოფნისა.
ამერიკა დგას საქართველოს გვერდით. ქართველი ხალხი დგას ამერიკის გვერდით. ჩვენს ალიანსს ვერაფერი შეარყევს და რუსეთის მცდელობას, ხელთ იგდოს ეს ქვეყანა, მარცხი ელის.
ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ალიანსი და მეგობრობა. მედგრად იდექით!”, – ამბობს ყოფილი კონგრესმენი.